მსოფლიო
ინფიცირებული პედაგოგის სკანდალური წერილი – “მორჩა, კლინიკებში ადგილი არაა!”
2020-10-15 08:08:02
დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგის, მაკა ს-ს, კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, სკოლა დროებით გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
“გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის.
ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი.
დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!”
ცოტა ადრე მაკა წერდა:
13.10
“ბევრი მეკითხება დღევანდელ ამბებს. ერთი კეთილი ადამიანის დახმარებით ტესტირებაზე ვიყავი დღეს და ხვალ პასუხი მეცოდინება. იმდენად ფართომასშტაბიანია გავრცელება, უბრალოდ ვერ აუდის სისტემა. გაფრთხილდით, ხალხო! თავს ისევ ისე ვგრძნობ, როგორც გუშინ. არც უკეთ ვარ და არც უარესად. თუ ესაა კორონა და არ დამიმძიმდა მდგომარეობა, ამას კი გადავაგორებ. ჰო, ტემპერატურამ აიწია. ახლა უკვე 38 მაქვს.”
“ყველაზე საშინელია თვალების წვა და უწყვეტად ცხელი ცრემლები თვალებიდან. ცხოვრებაში რაც სულიერი და ფიზიკური ტკივილი მომითმენია, ყველას სანაცვლო დაუღვრელი ცრემლი ახლა მადინა ამ ვირუსმა…“
14.10
“ტესტის პასუხის მოლოდინში სული გამძვრა. იმდენი ხალხი მწერს, მირეკავს და მეკითხება, უკვე ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. ნეტავ მდუმარედ დავგდებულიყავ და ასე არ ამეწრიალებინა-მეთქი ყველაფერი. წერას რომ ვყავარ ატანილი და ყველაფერზე ვწერ, იმედია, შემინდობთ. არ მასვენებს გამჩენი. მომწერეს, რომ საეჭვოა და მიმდინარეობს განმეორებითი კვლევა. პასუხს კი საღამოს გამაგებინებენ სავარაუდოდ. როგორც კი გავიგებ პასუხს, აქ დავწერ და ძალიან გთხოვთ, მეტი აღარ მკითხოთ ამ თემაზე, თორემ მტკვარი ახლოსაა
მიმტყუნა ნერვებმა უკვე. წუხელ ტერენტი გრანელივით ვიყავი… “ავად ვიყავი წუხელ, ვკვდებოდი”… ვინ ზოზია მიგონებდა, არ ვიცი, მაგრამ ცოცხალი თუ გავაღწევდი დილამდე, არ მეგონა. მქონდა სიცხე 38, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ ცეცხლის ალში ვიწვოდი. თავის ტკივილი არ მიჩერდებოდა, თვალები მეწვოდა და ცხელ ცრემლებს ვღვრიდი, სახსრებში ერთიანად დაშლილი ვიყავი. წამლები მივიყარე, წამებით ჩამეძინა და დილას 10-ზე რომ გამეღვიძა, შეგრძნება მქონდა, რომ საფლავიდან ავდექი. დღესაც ისე ვარ, როგორც გუშინ და გუშინწინ. მადლობა საოცარი სითბოსა და სიყვარულისთვის. ის, რომ აქ ვაქვეყნებ საჯაროდ ყველაფერს, ალბათ ცოტა ეგოისტური მომენტიც არის, რომ ვისარგებლო თქვენი ყურადღებითა და სიყვარულით… ძალიან, ძალიან, ძალიან გაფრთხილდით. ძალიან, ძალიან, ძალიან მოუარეთ თავს. უვერაგესი რამაა.”
“პასუხი დადებითია.”
კომენტარები