საზოგადოება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ქობულეთში „ლელოს“ წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს
2020-10-12 16:35:02
მმართველი გუნდის წევრებმა, „ლელოს“ მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს, ხოლო ოპოზიციური პარტიის წევრები ნაცემები არიან.
დაპირისპირება ქობულეთის ბაზრის შესასვლელთან მოხდა, სადაც ბაზრის მფლობელი რამდენიმე დღეა, ადგილზე არ უშვებს „ლელოს“ აქტივისტებს, იმისთვის რომ მათ სააგიტაციო მასალა დაარიგონ.
„ლელოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს, რაც მათი მხრიდან „ლელოს“ წევრებზე თავდასხმაში გამოიხატა.
„ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს "ლელოს" აქტივისტებზე და არ მისცეს მათ უფლება საზოგადოებრივ სივრცეში - ქობულეთის საკოლმეურნეო ბაზარში ბუკლეტების დარიგების. 1 საათიანი ხმაურიანი დაპირისპირების განმავლობაში საპატრულო პოლიცია არც კი გამოჩენილა. ივანიშვილი ცდილობს, დაიმონოს ყველა ინსტიტუტი და სრულიად კერძო სექტორი, რომელსაც ართმევს განვითარების და თავისუფალი არსებობის საშუალებას. სამწუხაროა ზრდასრული ადამიანების ხილვა, რომლებიც არიან ივანიშვილის მსხვერპლი და ხმამაღლა აიძულებენ, გაიძახონ - "მე ბიძინას კაცი ვარ"! საქართველო იმსახურებს სამართლიან და თავისუფალ განვითარებას, რის პოლიტიკურ მუხრუჭადაც ბიძინა ივანიშვილი იქცა. „ლელო“ დაასრულებს ივანიშვილის ძალადობრივ პოლიტიკას 31 ოქტომბერს,“ - აცხადებს კუპრაძე.
კომენტარები