1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ტექნოლოგიები

1 აპრილს ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწას დაეცემა - საქართველო რისკის ზონაშია

ჩინეთის კოსმოსური სადგური დედამიწაზე ამ შაბათ-კვირას ჩამოვარდება - საქართველო სავარაუდო ქვეყნებს შორის არის.100 კგ-ზე მეტი წონის ნაწილები დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევს. თუმცა, ბოლო შეფასების მიხედვით, ლაბორატორიის გადარჩენილი ნაწილები ოკეანეში ჩაცვივდება.ინფორმაციას  ამის შესახებ 1tv  ავრცელებს.

2011 წელს, როდესაც ტიანუნგ-1 ცაში გაუშვეს, ოპტიმისტებს იმედი ჰქონდათ, რომ კოსმოსური სადგური, რომლის სახელწოდებაც პირდაპირ ითარგმნება როგორც „სამოთხე ადგილი“, გახდებოდა ვარსკვლავებს შორის მოძრავი მუდმივი სადგურის მოდელი, კოსმოსური ლაბორატორია, რომელიც ადამიანებს პირველ ნაბიჯებს გადაადგმევინებდა უკიდეგანო კოსმოსში.

თუმცა, ტიანუნგ-1-ზე კონტროლი დაიკარგა და ის დედამიწაზე კოსმოსური ნარჩენების სახით დაბრუნდება და კომეტასავით დაიწვება ატმოსფეროში.

წელიწადზე მეტია, მეცნიერებმა  იცოდნენ, რომ ტიანუნგ-1 თანდათან იქცეოდა ხელოვნურ მეტეორიტად, რადგან სადგური ჩინეთიდან გაგზავნილ ბრძანებებს აღარ ეპასუხებოდა.

ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ხომალდი იქ ბრუნდებოდა, საიდანაც წავიდა — მშობლიურ პლანეტაზე, მაგრამ უცნობი რჩებოდა ჩამოვარდნის თარიღი და ადგილი, მაგრამ ბოლო თვეებში მეცნიერებმა ეს ყველაფერი თითქმის გაარკვიეს.

მათი თქმით, 8,6-ტონიანი კოსმოსური ლაბორატორია, ყველაზე დიდი ალბათობით, შეიძლება პორტუგალიის, ესპანეთის, საფრანგეთის ან საბერძნეთის ცაზე დაშლილიყო.

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ტიანუნგ-1 უკონტროლოდ შემოვა დედამიწის ატმოსფეროში. Business Insider-ის ცნობით, სავარაუდოდ ეს 1-ელ აპრილს მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაერი საკმაოდ თხელია იმ ზონაში, სადაც დედამიწის ატმოსფერო სრულდება და კოსმოსი იწყება, მაინც საკმარისია, რათა ხომალდი შეანელოს.

როდესაც ხომალდი გამწევ ძალას დაკარგავს, გრავიტაცია მას დედამიწისკენ მოქაჩავს. სწორედ ამ მომენტში დაიწყება თვალწარმტაცი ფოიერვერკი.

ხომალდი აგებულია ხახვის მსგავსად, სხვადასხვა მასალის ფენებისგან. მართალია, ზოგიერთი ფენა აალებისას იმდენად იკაშკაშებს, რომ ასეულობით კილომეტრის მანძილიდანაც გამოჩნება, მაგრამ შიდა კომპონენტები, შესაძლოა, შედარებით უსაფრთხოდ დარჩეს.

როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჯონათან მაკდაუელმა the Guardian-ს განუცხადა, 100 კგ-ზე მეტი წონის ნაწილები დედამიწის ზედაპირამდე მოაღწევს. თუმცა, ბოლო შეფასების მიხედვით, ლაბორატორიის გადარჩენილი ნაწილები ოკეანეში ჩაცვივდება.

მეცნიერთა თქმით, მახვილთვალიანი დამკვირვებლები მაინც ყველაფერს დაინახავენ.

არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია Aerospace-ის ცნობით, აალებული ხომალდის ნაწილები „ხილული იქნება ერთ წუთზე მეტხანს, რაც დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე, ხილვადობაზე, გარემო პირობებსა და დამკვირვებლის ადგილმდებარეობაზე“.

თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის არ არსებობს შანსი, რაიმე ნარჩენები ჩამოცვივდეს იმ ქვეყანაში, რომლის თავზეც ხომალდი განადგურდება.

კოსმოსურ ფრენათა ისტორიის განმავლობაში, ატმოსფეროში კოსმოსური ნაგვის შემოსვლის შედეგად არავინ დაშავებულა. ცნობილია მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანს კოსმოსური ნარჩენი დაეცა, მაგრამ საბედნიეროდ, არ დაშავებულა“, — აცხადებს Aerospace-ი.

კომპანია ასევე აქვეყნებს რუკას (ზემოთ), რომელზეც ასახულია ტიანგუნ-1-ის ჩამოვარდნის შესაძლო ადგილები. იქვე აღნიშნულია, რომ ყველაზე სავარაუდო ზონებში (ყვითლად) ნარჩენების ჩამოცვენის ალბათობა იმაზე მილიონჯერ ნაკლებია, ვიდრე ლატარიაში ჯეკპოტის მოგების. როგორც ხედავთ, ყვითელ ზონაში საქართველოც არის მოქცეული.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები