2 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის განათლების პროგრამის პირველი ნაკადის შეჯამება

თიბისი ტექნოლოგიური განათლების პროგრამა, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან, ახალი სტარტისთვის ემზადება.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება დღეს უამრავ ახალ პროფესიას აჩენს. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის საწინდარია. სწორედ ამიტომ, თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსები მაისში დაიწყო და 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა. მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნის, მოკლე და გრძელვადიანი, კურსები მოსწავლეებმა აგვისტოში ფინალური შემოქმედებითი, პროექტების წარდგენით დაასრულეს.

„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო მოსწავლეების ფინალური პრეზენტაციები. ამ პროექტებში, ერთი მხრივ ჩანდა ის გზა რომელიც მათ კურსების განმავლობაში გაიარეს, მეორე მხრივ კი მათი ინტერესები და ორიგინალური მიდგომები. ერთი შეხედვით, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტექნოლოგიები საუკეთესო ინსტრუმენტია ადამიანის შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად, საკუთარი ხედვისა და იდეების გასაზიარებლად. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როდესაც მოსწავლეების ფინალურ პროექტებს გავეცანი“ - სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„ჩვენი კურსები განსხვავებული ინტერესების მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მათთვის საინტერესო მიმართულება შეარჩიონ. პროგრამებზე მიღებული ცოდნით მათ უკვე შეუძლიათ მარტივი პროგრამების შექმნა და პრაქტიკაში მუშაობა. ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ის სურვილები და საჭიროებები, რაც ერთის მხრივ, ჩვენი ახალგაზრდებისთვისაა საინტერესო და მეორეს მხრივ, როგორც დღეს ასევე მომავალში, გარდაუვალი იქნება დასაქმების ბაზარზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სექტემბრიდან უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კურსები შევთავაზოთ უფროსკლასელებს“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

სექტემბრიდან, თიბისის ტექნოლოგიური განათლების კურსებზე მიღება კვლავ  განახლდება. შემოდგომიდან თიბისი, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები