1 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?

 

 

სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის წესების უგულებელყოფა, დისტანციის დაუცველობა - ეს და სხვა მრავალი მანკიერი ჩვევა, რომლებიც ქართველ მძღოლებსა თუ ქვეითებს ახასიათებთ, საბოლოოდ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში აისახება და არცთუ სახარბიელო შედეგებს წარმოგვიდგენს. თბილისსა თუ სხვა დიდ ქალაქებში მხოლოდ 2021 წელს 5900-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

 

ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ წამოწყებულ კამპანიას „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი მსხვილი კომპანიის მიერ მსგავსი წამოწყება ერთი მხრივ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ მაგალითი ხდება სხვა კომპანიებისათვის, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ გზებზე მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებას, რაც დღეისათვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.

 

„მხოლოდ 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7700-ზე მეტი დაშავდა. კიდევ უფრო დიდია ისეთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები და შედეგად, ქალაქში ისედაც გადატვირთული მოძრაობის პირობებში, დამატებითი საცობები წარმოიქმნა. აქედან გამომდინარე, პრობლემა და გამოწვევა ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულად დგას“, - აცხადებს ექსპერტი გელა კვაშილავა.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ავტომფლობელები, არამედ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისა და სკუტერის მძღოლებიც. კვაშილავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ნებისმიერი მოქალაქისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. მისი თქმით, აუცილებელია, გზებზე დაინერგოს ურთიერთპატივისცემის კულტურა, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და ამაღლდეს ცნობიერება.

 

„ერთ-ერთი პრობლემა გზებზე მაღალი სიჩქარეა, რომელიც ქალაქში 40-50 კმ/სთ უნდა იყოს, ხოლო სკოლებთან - არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, რადგან ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე მეტად დაუცველები არიან. 1 კმ/სთ-ით სიჩქარის შემცირება 4%-ით ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობას“.

 

ექსპერტი ხაზს უსვამს ბიზნესის როლს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

„მნიშვნელოვანია, მსგავს კამპანიებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეუძლია სასიკეთო გავლენის მოხდენა. ცნობიერების ამაღლების არეალი და სანდოობა მის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იქნება და მეტად იმოქმედებს ადამიანების ქცევის ცვლილებაზე. ვფიქრობ, თეგეტასგან მაგალითი სხვა კომპანიებმაც უნდა აიღონ. ბიზნესი, საზოგადოება და მთავრობა - პასუხისმგებლობას ყველა უნდა იზიარებდეს“, - აცხადებს კვაშილავა.

 

„მიუხედავად შეზღუდვებისა, რომლებიც დღეს გზებზე არსებობს, სტატისტიკა მაინც მძიმეა. ბევრი ავტოავარიის მიზეზი ისევ გადაჭარბებული სიჩქარე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყებაა. მნიშვნელოვანია, ყველამ გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ერთად გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი საგზაო მოძრაობისთვის. მჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში შექმნილი დამატებითი 20 ნიშნით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ, გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები“, - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ კამპანიისთვის შექმნილი ახლებური საგზაო ნიშნები, ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენაც უბიძგებს. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები