1 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების ზეთი ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯოლიოს“ ქართული წარმოების  არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი  ექსპორტზე გავიდა. კომპანია ნეპალს, ტუნისს და სომხეთს 626 ტონა ზეთით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს,  რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდა. საწარმოს  თვეში 3000 ტონა მზესუმზირის მარცვლის გადამუშავების რესურსი აქვს,  რაც დაახლოებით 1,2  მლნ ლიტრი რაფინირებული და ბოთლში ჩამოსხმული ზეთის  წარმოებას უტოლდება.  კომპანია ყოველდღიურ საქმიანობაში 65 ადამიანს ასაქმებს.

 

„ჩვენი კომპანია მზესუმზირის ზეთის გარდა, მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებულ „მზესუმზირის შროტსაც“ აწარმოებს,  რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება და მისი 99 %-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. რაც შეეხება  ჩამოსხმულ ზეთს, ის  საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში გაიყიდება “იალონის” ბრენდის სახელით.  ჩვენ უკვე გავედით ექსპორტზე და სამომავლოდ ვგეგმავთ ექსპორტის კიდევ უფრო გაზრდას. ვაპირებთ ავითვისოთ ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ჩრდილოეთ აფრიკა“,- განაცხადა  ლევან ტრაპაიძემ, კომპანიის დირექტორის მოადგილემ.

 

„მოხარული ვართ, რომ კომპანია სულ უფრო მეტად ვითარდება. ხარისხი და პასუხისმგებლობა კომპანიის ძირითადი ფასეულობებია, რის საფუძველზეც იქმნება პროდუქტი, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და გაუმჯობესებაზე. „ჯოლიო“ არის  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საწარმო. ის უწყვეტ რეჟიმში, ადგილზე არსებული თანამედროვე ლაბორატორიით, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტებითა და კვების ტექნოლოგებით, კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის 100% მზესუმზირის ზეთს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმებში, რაც ახალი ბაზრების ათვისებას გულისხმობს“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯოლიო დაარსდა 2019 წელს და წარმოადგენს პირველ ქართულ ბიზნეს პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს მზესუმზირის ზეთის წარმოების სრულ ციკლს და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ნედლეულის დამუშავება, დაწნეხა, რაფინირება, დაფასოება. ასევე, აწარმოებს ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. საწარმო  ISO 22000-ით არის  სერთიფიცირებული. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება ევროპის მიერ აღიარებულ სტანდარტებს და მუდმივად მოწმდება როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ლაბორატორიებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები