1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" 99 %-ზე მეტ შემთხვევაში მიმდინარეობს მსუბუქად, უსიმპტომო ფორმით ან საშუალო სიმძიმით" - პედიატრი თემურ მიქელაძე

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ბავშვების დაახლოებით 99 პროცენტში დაავადება მსუბუქი ფორმით, უსიმპტომოდ ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ერთ პროცენტზე ნაკლებია ისეთი შემთხვევები, როდესაც კოვიდინფიცირებული ბავშვის სტაციონალური მკურნალობაა საჭირო.

„როგორც არამარტო ჩვენი, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მონაცემებით, ვირუსი ბავშვებში მიმდინარეობს აბსოლუტურად მსუბუქად, დაახლოებით 99 %-ზე მეტ შემთხვევაში მიმდინარეობს მსუბუქად, უსიმპტომო ფორმით ან საშუალო სიმძიმით. 0.8-0.7 % შემთხვევაში გვჭირდება სტაციონალიზაცია და შესაბამისად, ისინი ითვლებიან კრიტიკულ პაციენტებად ან ითვლებიან მძიმე პაციენტებად.

დაახლოებით 800-ზე მეტ პაციენტთან მქონდა შეხება – დაწყებული 28 დღის ასაკიდან, დამთავრებული 18 წლის ჩათვლით და არც ერთი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ მქონია. არც ერთი ეს პაციენტი არ მიმიმართავს კლინიკისთვის. ყველა მათგანმა გადაიტანა უფრო მარტივად, ვიდრე სხვა ინფექციები, მე რასთანაც მქონია შეხება, მათ შორის როგორც ვირუსული, ასევე სხვა ბაქტერიული თუ პარაზიტული ინფექციები. ბავშვებთან პრობლემა არ უნდა შევქმნათ. უნდა ვმართოთ, პირველ რიგში უნდა დავამშვიდოთ მშობელი, უნდა დავამშვიდოთ მოზარდი. ბოლო პერიოდში სულ არის საუბარი, რომ ჩვენი ექიმები, ჩვენი უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ამ პაციენტებს ისედაც ონლაინ კონსულტაციებს უწევდნენ. ეს ონლაინ კონსულტაციები ახალი იყო ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის, ეს ჩვენთვის ისედაც მიღებულია“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ბავშვებთან მიმართებაში, მთავარია, დროული მონიტორინგი და პედიატრების მიერ მდგომარეობის სიმძიმის სწორად შეფასება.

მიქელაძემ ის სიმპტომები დაასახელა, რა დროსაც უნდა მოხდეს ბავშვის ჰოსპიტალიზაცია.

„ეს არის პირველ რიგში სუნთქვის სიხშირე, რომელიც ყველა დედამ იცის, შესაბამისად მისი თვლაც ყველამ იცის, თუ რა დროს უნდა მიმართოს ექიმს და როდის მოახდინოს მისი ჰოსპიტალიზაცია. მთავარია, ბავშვი არ იყოს მივარდნილი, არ იყოს გაუწყლოების ნიშნები და მაღალი ცხელება. სწორედ ეს არის ის კრიტიკული ნიშნები, რომლითაც ექიმმა შეიძლება, გადაწყვიტოს, ეს პაციენტი გადაამისამართოს, თუ არა“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, მართალია, ძირითად შემთხვევაში, ბავშვებში ინფექცია მსუბუქად ვითარდება, მაგრამ ისინი შესაძლოა, ოჯახის უფრო ასაკოვანი წევრებისთვის ინფიცირების გამავრცელებლები აღმოჩნდნენ.

„ბავშვებში მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ ბავშვები შეიძლება, იყვნენ გამავრცელებლები ბებია-ბაბუებისთვის, ვინაიდან ერთ სახლში ცხოვრობს რამდენიმე თაობა. ბავშვი პირველ წყარო არ არის, ის ძირითადად ინფიცირდება მშობლებისგან, მომვლელებისგან. ექიმების მთავარი მიზანი არის, რომ მშობლებმა ბავშვებს გავახსენოთ ის ჰიგიენური ნორმები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან“, – განაცხადა მიქელაძემ.

ამასთან, როგორც პედიატრმა აღნიშნა, ლოკდაუნის საკითხი ექიმების გადასაწყვეტი არ არის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტონ უშუალოდ ეპიდემიოლოგებმა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

„ბოლო დროს ხშირად გვქონია შემთხვევა დაბადების დღეს, სხვა წვეულებებს ბინის პირობებში იხდიან. შევიკაოთ თავი! მართლაც ფართომასშტაბიანი გავრცელებაა, მოვითმინოთ ექვსი-რვა თვე. ივნისის თვიდან მეტნაკლებად ვირუსი დაიხევს, წამოგვეწევა ვაქცინაც და ივნისის თვიდან ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით. მინდა ყველას ვთხოვო, პირველ რიგში ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. ექიმების გადასაწყვეტი არ არის მიიღებს, თუ არა სახელმწიფო ლოკდაუნს. ეს უნდა გადაწყვიტონ უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ეპიდემიოლოგებმა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა. მათ უნდა დათვალონ სწორად, რამდენი რეანიმაციული საწოლი აქვთ და არა ისე, რომ მორბენალი ბავშვები დავაწვინოთ კლინიკებში და ზოგიერთი პაციენტი იმისათვის, რომ თვითონ დამშვიდდეს, დაწვეს კლინიკაში. ამიტომ, სწორი მენეჯმენტი და მართვა არის უმნიშვნელოვანესი. გასაგებია, ჩვენ ახლა ვიმყოფებით პიკის პერიოდში. თუ ჩვენ სწორად ვმართავთ და ჩვენი მოსახლეობა დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს, აუცილებლად გაკეთდება პლატო და შემდეგ დაიწყებს კლებას. ამიტომ, უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი, არაფერი კატასტროფა არ ხდება. ვირუსული ინფექციის მართვას არ სჭირდება განსაკუთრებული ტრენინგები, ნებისმიერმა პედიატრმა იცის, როგორ მართოს ვირუსული ინფექცია“, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები