საზოგადოება
ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელა
2020-10-13 22:02:40
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამშეხვედრის გახსნისას აღნიშნა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის უსაფრთხოების პრიორიტეტების გათვალისწინება და მეორე მხრივკი, არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების მაქსიმალურად შენარჩუნება იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
შეხვედრის მონაწილეებმა დღეს დეტალურად განიხილეს დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის და ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრა მოხდება.
ცესკოს ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღნიშნულ საკითხზე დღეს უკვე მეორედ შეიკრიბა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტში აისახება დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირებულიმოსაზრებები და კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს.
სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე უკვე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი.
კომენტარები