2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა ღონისძიებაზე - „შესაძლებლობები და რისკები დიდი ცვლილებების დროს“, განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და პროგნოზები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ბიზნესსექტორთან დაკავშირებული მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო მოლოდინები. თიბისი კაპიტალის განახლებული პუბლიკაციის თანახმად, ტურიზმის აღდგენის შენელება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მიგრაციის ეფექტმა დააბალანსა. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 10.6%-ია. 2023 წლის საბაზო სცენარით კი, წინა წლების მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, ზრდა 3.9%-ს შეადგენს. ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსის აღდგენასთან ერთად, ლარიც გამყარდა. ინფლაციის შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება მომდევნო წლიდანაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ძლიერი დოლარის პერიოდი სავარაუდოდ მომდევნო წლიდან ეტაპობრივად დასრულდება. ამავდროულად, ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები მიმდინარე კურსში უკვე ასახულია. 2022 წელს ტურიზმის ყველა პარამეტრი საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, 2022 წლისგან განსხვავებით, 2023 წელს ტურისტული შემოსავლების აღდგენა უმეტესწილად ტურისტული ფაქტორების გაუმჯობესებით იქნება განპირობებული და არა მიგრაციით. ასევე, 2023 წელს საერთაშორისო ტურისტებისგან მიღებული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშეც, სრულად აღდგება. 2022 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გასაყიდი ფასი, 2021 წელთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა, ქირის ფასი კი - 79%-ით. ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია მიგრაცია, გაცვლითი კურსი და სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების ბაზარი დაკორექტირდება, ვინაიდან, ახლა ფასების ზრდა დროებითი ფაქტორითაა გამოწვეული. მიგრანტებისგან მოთხოვნა ძირითადად გაქირავების ბაზარზე მოდის. 2023 წელს მიგრანტებზე გაყიდული ბინების - 12%, გაქირავებული ბინების კი 18% მოვა. 2022 წელს კომერციული უძრავი ქონების სექტორში ქირის ფასი 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს, რაც გაზრდილი ეკონომიკური აქტივობითაა განპირობებული. რაც შეეხება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ჯამური ტვირთბრუნვა, 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გზით - 13.5 მილიონი ტონა ტვირთი, რკინიგზით კი 6.8 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2022 წლის II კვარტალში სატრანზიტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა. ზრდა, უმეტესწილად, თურქეთზე, რუსეთზე, უზბეკეთსა და ყაზახეთზე მოდის. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები