2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მარტვილის მარანი“ - მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი - „მარტვილის მარანი“ - საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“ სახელწოდებით გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ღვინის მოყვარულთა და მწარმოებელთა ყურადღება.

„მარტვილის მარნის“ დამფუძნებლის, ზაზა გაგუა დაინტერესება იმ დროისათვის გაიშვიათებული და, შესაბამისად, ძვირფასი მეგრული ჯიშით, „ოჯალეშით“, ერთი მხრივ მარტვილელი ბაბუის ხსოვნასა და სიყვარულს, მეორე მხრივ კი მეგრული ღვინის ტრადიციის აღდგენის სურვილს უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, ღვინო და მასთან დაკავშირებული ყველა წამოწყება „მარტვილის მარნის“ დამფუძნებლებისთვის უკომპრომისო, ახლა უკვე ცხოვრების მთავარი საქმეა, რომელშიც ფინანსური და ადამიანური რესურსის გარდა, დიდი ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარულია ჩადებული.

პირველი ღვინის, 2012 წელს მოსავალის  „ოჯალეშის“  2013 წლის „ახალი ღვინის ფესტივალზე“  წარდგენამ და ღვინის პროფესიონალების გამოხმაურებამ, კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ მეგრული ღვინის ტრადიციებთან დაბრუნება და ზოგადად, მეგრული ღვინის წარმოება-პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დროთა განმავლობაში „ოჯალეშს“ დასავლეთ საქართველოს სხვა ჯიშები, წარმატებული ექსპორტი და ვენახიც  დაემატა, კომპანიის გაფართოებამ კი საკუთარი მარნის აშენების საჭიროება გააჩინა.

2019 წელს კომპანიამ ოფიციალურად გააფორმა ბრენდული სახელწოდება „მარტვილის მარანი“.

2019 წელს „მარტვილის მარანმა“ თიბისის მხარდაჭერით მარტვილში, სოფელ თარგამეულში მიტოვებული სკოლის შენობა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი შეისყიდა და პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ახალი მარნის შენებას შეუდგა. 2020 წელს კი უკვე გამართულ მარანში 40 ქვევრი ჩაყარა და გრძელვადიანი პროექტის - სასტუმროს მშენებლობის გეგმაზე ფიქრიც დაიწყო.

„ოჯალეში“, „ორბელური ოჯალეში“, „ციცქა“, „ცოლიკაური“, „კრახუნა,“ „ალადასტური“, „კუნძა“, „კახური მწვანე“ ის ჯიშებია, რომლებისგანაც „მარტვილის მარანში“ 12 სახეობის ღვინოს ამზადებენ. წარმოებული ღვინის 80% ექსპორტზე გადის, დანარჩენი - ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ბარებში, რესტორნებსა და რამდენიმე მაღაზიაში იყიდება.

„2016 წლიდან მთლიანად ქვევრის ღვინის წარმოებაზე გადავედით. ვმუშაობთ ძირითადად დასავლეთ საქართველოს ჯიშებზე. ჩვენი მთავარი პრინციპი სუფთა, ორგანული(ბუნებრივი) ღვინის წარმოებაა - ვენახში არ ვიყენებთ სისტემურ პრეპარატებს და ღვინოში - ქიმიურ დანამატებს, ჩვენი ღვინო მხოლოდ ყურძნის წვენია(გოგირდის მინიმალური დამატებით, 50 მგ/ლ). მინდობილნი ვართ ბუნებრივ პროცესებს, რაც ერთი მხრივ რისკებთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი ძალიან საინტერესოა - შენ მინიმალურად ერევი, მხოლოდ აკვირდები დაღვინების ბუნებრივ პროცესს, შედეგად კი ხშირად გაქვს საუკეთესო, სუფთა ღვინო. ეს არის ორგანული ღვინის ხიბლი, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს და რომელზეც მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,“ - ამბობს „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა გაგუა.

„მარტვილის მარნის“ ორგანული ღვინო, რომელიც უკვე 14 ქვეყანაში იყიდება, განსაკუთრებული სიყვარულით ამერიკის შეერთებულ შტატებსა (40%) და იაპონიაში (30%) სარგებლობს. ექსპორტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

დღეისათვის „მარტვილის მარანი“ წელიწადში 12 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. სამომავლოდ კომპანია მარნის გაფართოებას და 200 კვ.მ ღვინოს სარდაფის აშენებას გეგმავს, რაც წარმოების 40 000 ბოთლამდე გაზრდას შეუწყობს ხელს. იგეგმება, ასევე, ცქრიალა ღვინის, სიდრის, ჭაჭისა და ლუდის წარმოებაც.

სასტუმრო მეორე ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას, გეოგრაფიული მდებარეობისა და ხარისხიანი მომსახურების პირობებში, დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მარნიდან ულამაზესი ხედები იშლება მდინარე ტეხურზე და ეგრისის ქედზე, აქვეა მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, ციხე-გოჯის უნიკალური კომპლექსი, ამას ემატება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხარისხიანი მომსახურება, ბიო პროდუქტი, ღვინის დეგუსტაცია, წარმოების პროცესში მონაწილეობა, სუფთა ჰაერი, მეგრული სტუმართმოყვარეობა და კომფორტული გარემო, რაც ძალიან იზიდავს ვიზიტორებს. ვგეგმავთ საცხენოსნო ტურიზმის განვითარებასაც, ასე რომ მალე სტუმრებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და შინაარსის საცხენოსნო ტურებსაც შევთავაზებთ სამეგრელოს ტერიტორიაზე. სტუმრების მიღება არსებული რესურსით უკვე დავიწყეთ, სამომავლოდ კი სასტუმრო კომპლექსი საშუალო და მაღალი სეგმენტის 30-ამდე სტუმარზე იქნება გათვლილი,“ - ამბობს ზაზა გაგუა.

პროექტი თიბისის მხარდაჭერით, ეტაპობრივად 200 000 ლარიანი ინვესტიციით განხორციელდება.

დღეისათვის „მარტვილის მარანში“ სტაბილურად 5 ადამიანია დასაქმებული. სეზონურად მათი რიცხვი 15-ს აღწევს. სამომავლო პროექტი - სასტუმრო კომპლექსი - ადგილობრივების აქტიურ დასაქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები