1 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა”–კინზინგერი აგვისტოს ომზე

14 წელი აგვისტოს ომიდან – საქართველო და მისი პარტნიორები რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს იხსენებენ. ასობით მოკლული და ათასობით დაჭრილი საქართველოს მოქალაქე, გაყოფილი ოჯახები, დაკარგული ტერიტორიები და შეუჩერებელი, მცოცავი ოკუპაცია – ასეთია რეალობა, რომელიც აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ საქართველოს აქვს.

რა ისწავლა დასავლეთმა საქართველოში 2008 წელს მომხდარი ომისგან და როგორ განსაზღვრა ამან უკრაინის მომავალი. სწორედ ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვა “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა, მარიამ უგრეხელიძემ, კონგრესმენ ადამ კინზინგერს დაუსვა.

“ დასავლეთმა ვერ გაიგო ის, რისი გაგებაც მათ მოუხდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ვერ დააოკებ იმას, ვისაც დაუოკებელი მადა აქვს. ამის გასაგებად დასავლეთს დასჭირდა, რომ ენახა, როგორ განახლდა ომი უკრაინაში.

ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც თანამედროვე რუსეთი თავს დაესხა. ეტაპობრივად, ამან ბევრი რამ გაუკეთა უკრაინას თავდაცვისთვის. მახსოვს, როგორ ვიბძროდით იმის წინააღმდეგ, რომ რუსეთს საფრანგეთიდან არ მიეღო გემები შავ ზღვაში, რომლებზეც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს დაუშვებდნენ. საფრანგეთმა რაღაც დროის შემდეგ უარი თქვა ამაზე. ასე რომ, შავი ზღვის დაცვის მნიშვნელობა საქართველოში ომის პირველივე დღეებიდანვე ძალიან ნათელი გახდა .

ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] არაორგანიზებულები იყვნენ, მაინც შეეძლოთ, რომ მასიური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაესროლათ და ტერიტორიები მოეპოვებინათ.

ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს – ესაა ის, რაც კორუფციას მოყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში.“– ამბობს კონგრესმენი.

კითხვაზე, რა იყო მიზეზი, რომ საქართველოს არ მიუღია  ისეთი მასშტაბის მსოფლიო მხარდაჭერა, როგორიც ახლა უკრაინას აქვს და იმდროინდელ პრეზიდენტს, მიხეილ საკაშვილს დასავლელი ლიდერებისთვის უწევდა იმის მტკიცება და გამეორება, რომ ომი საქართველოს პროვოცირებული არ იყო, კინზინგერი პასუხობს: 

“თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო.

ამერიკული პერსპექტივიდან, იყო სამხედრო განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ჩაკეტილიყო გვირაბი. ვფიქრობ, რომ ავღანეთისა და ერაყის შემდეგ, უბრალოდ არსებობდა არაფრის კეთების განცდა. მგონია, რომ ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავის უნდა ომი, არავის უნდა ეს, დასავლეთში ნამდვილად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორია გაკვეთილებს გვიგზავნის და სამომავლოდ გვასწავლის. 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულვებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს.“–ამბობს კონგრესმენი.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოს 412 მოქალაქე დაიღუპა, 1747 კი დაიჭრა. ომის მონაცემები ციფრებში ასე გამოიყურება, –

  • დაღუპულია – თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი.
  • საომარი მოქმედებების გაშუქებისას, დაიღუპა სამი ჟურნალისტი, ექვსი დაიჭრა.
  • დაიჭრა – 1747 ადამიანი. მათ შორის: 973 სამხედრო მოსამსახურე, 227 პოლიციელი და 547 მშვიდობიანი მოქალაქე.
  • მონაცემები დევნილთა შესახებ – ომის მიმდინარეობისას, 130 000 ადამიანს იძულებით მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება. მათგან, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, ჯამში, ნახევარ მილიონს აღწევს.
  • კონფლიქტის ზონაში, სრულიად განადგურდა, დაიწვა და დაინგრა 35 000 სახლი.
  • ომის შემდგომი მონაცემებით, აგვისტოს ომის შედეგად ცხინვალის რეგიონში 125 სოფლის ოკუპაცია განხორციელდა.

ომის შემდგომ პერიოდში, წლების განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აწარმოებს ეთნიკური ნიშნით დევნას. შედეგად ნაწამები და მოკლული ადამიანების რიცხვი იზრდება.

წყარო: ამერიკის ხმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები