0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტოიოტას 3,4 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია საავტომობილო აკუმულატორების წარმოებისათვის

აკუმულატორების განვითარებასა და წარმოებაზე ტოიოტა 2030 წლამდე 3,4 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ეს განცხადება Toyota Motor's North America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა, რომელმაც მსოფლიოში ელექტრო მანქანების ჩანაცვლების გეგმები და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები შეაჯამა.

პროცესის სამართავად, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი ახალი კომპანიის დაფუძნებას და ამერიკაში ავტომობილების აკუმულატორებისთვის ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტის განხორციელებაში ტოიოტას ლითონებით ვაჭრობის ქვეგანყოფილება - Toyota Tsusho და Toyota Group-ის წევრები ჩაერთვებიან.    

ახალი ქარხანა, რომლისთვისაც ტოიოტას 1,29 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გამოყოფილი, 2025 წელს გაიხსნება და სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1750 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ტოიოტა წარმოების მოცულობის, ბიზნეს სტრუქტურისა და ქარხნის ადგილმდებარეობის გამჟღავნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

უმსხვილესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ მისი მიზანი აკუმულატორების ხარჯების 30%-ით ან მეტით შემცირებაა. ამის მიღწევას კომპანია გამოყენებული მასალების დამუშავებისა და აკუმულატორების ელემენტების სტრუქტურირების გზით გეგმავს.   

„ახალი კომპანია თავდაპირველად ჰიბრიდული ავტომობილების ბატარეების წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს. ინვესტიცია ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ხელმისაწვდომი ელექტროფიცირებული ავტომობილების შემოყვანას.“ - Toyota North America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტედ ოგავა.

ბოლო პერიოდში, მთელ მსოფლიოში, ავტომწარმოებლები მილიარდობით დოლარს აკუმულატორებისა და ელექტრო ავტომობილების წარმოების გასაძლიერებლად ხარჯავენ. ამის მიზეზი კი ის გარემოსდაცვითი რეგულაციებია, რომლებიც მსოფლიოში დღითიდღე მკაცრდება.   

მაგალითისთვის, 2021 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად ამერიკაში, 2030 წლისთვის, გაყიდული ახალი ავტომობილების ნახევარი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე უნდა იყოს.

ამის საპასუხოდ, უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა განაცხადეს, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრო ავტომობილების წლიური მოცულობის 40-50%-ით გაზრდაზე.  

ცვლილებების საპასუხოდ, ტოიოტამ გასულ თვეს დააანონსა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩაერთოს პროცესში და მისი წარმოებული ავტომობილების ნახევარი ელექტრო გახადოს.  

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები