1 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორია

საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მთავარი პარტნიორი გახდა. მხარეებს შორის 4 წლიან ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. საქართველოს ბანკი თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს როგორც ეროვნულ ფედერაციას, ასევე ასაკობრივ ნაკრებებს და მათ სპორტსმენების განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს.  

 

უფრო კონკრეტულად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსამზადებელი/სავარჯიშო ბაზების აშენება და ინფრასტრუქტურულად გამართვა;   ფედერაციის ოფიციალური ტელევიზიის შექმნა; საერთაშორისიო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად (FIBA-ს ვერტიკალი)  საკალათბურთო კლუბის შექმნა და ა.შ. გარდა ამისა, კალათბურთის რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რეგიონალური დარბაზების განახლება და ინვენტარით აღჭურვა.

 

მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკი, აქტიურად დაუჭერს მხარს ფედერაციის ახალ პროექტებს, მათ შორის: საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნას როგორც მწვრთნელებისა და  მოთამაშეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.  ფედერაციის ბენეფიციარებისთვის (დამწყები მოთამაშეები, წარმატებული სპორტსმენები, ვეტერანი კალათბურთელები, ა.შ.) კი განხორციელდება ფინანსური მხარდაჭერა.

 

აღსანიშნავია, რომ სწორედ პარტნიორობის პერიოდში, 2022 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის თამაშები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ზედიზედ 5-ჯერ ასპარეზობა ადასტურებს. კალათბურთის წარმატებასა და პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია და მოიპოვა ევროპის მთავარი ღონისძიების - ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, საჭირო რესურსებზე წვდომას, რაც გულისხმობს  მოსამზადებელი და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას და სხვ.  შედეგად კი, წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მასშტაბით კალათბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების  სპორტსმენების წახალისება, რომლებიც მჯერა, არაერთ ჯილდოს მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ,  აღნიშნული პარტნიორობა ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ჩვენთვის უაღრესად  მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და მოხარულნი ვართ, რომ ისეთი დიდი საკალათბურთო ღონისძიების წინ, როგორიც ევრობასკეტია, ჩვენი მთავარი სპონსორი გახდა საქართველოს ბანკი. ჩვენ ერთად მოვემზადებით ამ დიდი დღესასწაულისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთად უამრავ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. ჩვენი ერთობლივი გეგმები არათუ ევრობასკეტს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს  მოიცავს, როგორიცაა რეგიონების გაძლიერება, კალათბურთის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების,  ფედერაციის ყველა ბენეფიციარის და სრულიად საკალათბურთო ოჯახის მხარდაჭერა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკთან და სხვა სპონსორ კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ამ ყველაფრის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები გაგვიჩნდა და შესაბამისად წინ დიდი გეგმები და არაერთი სასიამოვნო სიახლე გველოდება. მსურს მადლობა გადავუხადო პარტნიორობისთვის საქართველოს ბანკს და რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს მთავრობასა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერა, თანადგომა და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები