0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ჯინსებიანი და ელასტიკებიანი ქალი არის ეშმაკის იარაღი კაცების საცდუნებლად, კაცები გულში მრუშობენ მასთან…”

თელეთის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი, წერს:

როგორც უფალი ბრძანებს, თუ კაცი გულისთქმით უყურებს ქალს, უვკე იმრუშა მასთან თავის გულში (მათეს სახარება 5,28). როდესაც ქალი იცვამს შარვალს, განსაკუთრებით, შემოტმასნილ ჯინსებს და ე.წ. ელასტიკებს, ამ დროს წარმოაჩენს თავისი დაფარული სხეულის მოყვანილობას და ნაკვთებს. ასეთი გამომწვევი ჩაცმით ქალი იქცევს მამაკაცის ყურადღებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არაწმიდა გულისთქმით უყურებს მას და მრუშობს მასთან თავის გულში. 

ასეთი ჩაცმული ქალი არის ეშმაკის იარაღი, მამაკაცების საცდუნებლად მიმართული. ადრე მეძავი ქალები იცვამდნენ ასე გამომწვევად იმისათვის, რომ მამაკაცების ყურადღება მიექციათ და ამ გზით ფული ეშოვნათ, დღეს კი ასეთი ჩაცმა მოდაში შემოვიდა. 

თანამედროვე საზოგადოება შეეგუა ცოდვას. მარგამ საყოველთაოც რომ გახდეს ცოდვა, ის არ კარგავს თავის დამღუპველ ძალას ისევე, როგორც უფლის მცნებები არასდროს დაკარგავს თავის მაცხოვნებელ ძალას. არ შეიძლება, რომ ქრისტიანი აჰყვეს თანამედროვე ურცხვ მოდას, ამასოფლის სულისკვეთებას. წმიდა არქიმანდრიტი იუსტინე პოპოვიჩი ამბობს: “მართლმადიდებელ ფილოსოფიაში საზოგადოების შესახებ არსებობს ერთი უაღმატებულესი წესთა წესი: არ მიუსადაგონ ღმერთკაცი იესო ქრისტე დროის მოთხოვნასა და სულისკევთებას; პირიქით, სწორედ დროის სულისკვეთება განაპირობონ ღმერთკაცის მარადიული სულისკვეთებით, სწორედ იესო ქრისტეს სულისკვეთებას მიუსადაგონ იგი”.

ქრისტიანის მიზანი ის არის, რომ გული განიწმინდოს ცოდვებისაგან, არაწმიდა ვნებებისაგან, განსაკუთრებით სიძვის ვნებისგან და შეიძინოს ქრისტიანული სათნოებები: თავმდაბლობა, უბიწოება, სიმშვიდე, სიმართლე, სიყვარული, სიწმიდე. როგორც ღირსი ალექსი (შუშანია) ამბობს: “ერთადერთი უმთავრესი სიკეთე ადამიანისათვის არის ბრძოლა თავის თავთან, რომელიც შეიცავს ყოველ ვნებათაგან თავის დაცვას. კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს. … ადამიანი მარადის უნდა იყოს აღჭურვილი საბრძოლად თავის სიბოროტესთან, ვინაიდან ყოველი ვნება მას შინა შესისხლხორცებული იზიდავს მას მონებად და ამ მონებითა კარგავს იგი კაცობრივ მაღალ სიმტკიცეს და ღირსებას და ერთვის ბუნებასა პირუტყვისასა”.

გამომწვევი ჩაცმა, პირიქით, აღვივებს არაწმიდა ვნებებს, როგორც საკუთარ სულში და ხორცში, ასევე გარშემო მყოფ საზოგადოებაში. ქალს რომ შარვალი აცვია, მის უბიწოებას უკვე ლაქა აცხია. ცოდვასთან შეგუება ერთ ადგილას არ ჩერდება, ერთ კომპრომისს მეორე მოჰყვება და საზოგადოება უფრო და უფრო მძიმე ცოდვებში ეფლობა. მაგალითად, ასეთი დათმობებით პროტესტანტების ნაწილი იქმადე მივიდა, რომ მამათმავლობას ცოდვად აღარ თვლიან, კაცი კაცზე ქორწინდება და ქალი-ქალზე. ერთ-ერთი ამის მიზეზიც და შედეგიც ის არის, რომ ქალი კაცივით გამოიყურება და კაცი – ქალივით.

ჩაცმულობა გავლენას ახდენს ადამიანის შინაგან, სულიერ მდგომარეობაზე, ამიტომ წმიდა წერილი კრძალავს, რომ კაცმა ჩაიცვას ქალის სამოსელი და ქალმა – კაცის (“ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა”. მეორე სჯულ. 22,5). ისიც აღსანიშნავია, რომ სჯულის კანონით, სიძვისათვის ქალს მეტად მოეკითხება პასუხი, ვიდრე კაცს. წმიდა ბასილი დიდი ამბობს: “სიძვის ჩამდენ მამაკაცს არ უნდა აეკრძალოს ცოლთან ცხოვრება, რის გამოც დედაკაცმა უნდა შეიწყნაროს სიძვისაგან მოქცეული ქმარი. მამაკაცი კი შეგინებულ დედაკაცს აგდებს სახლიდან. ეს ადვილი ასახსნელი არ არი, მაგრამ ჩვეულება ამას გვიჩვენებს” (21-ე კანონი). ამიტომ, მართალია, კაცსაც მოეკითხება პასუხი, დიდი განსხვავებაა კაცს აცვია შარვალი, თუ ქალს, ასევე დიდი განსხვავებაა, კაცი გაიშიშვლებს სხეულს თუ ქალი.

წმიდა იოანე სინელი ამბობს, რომ ღმერთმა თავისი მოწყალებით და ჩვენზე მზრუნველობით ქალებში ჩადო შიშის, სირცხვილის, მიფარვის, მორიდების ნიჭი, რომ დაეცვა მამაკაცები სიძვისაგან (თავი 15,98). ქალის ქცევა და ბუნება თანდათანობით შეცვალა შარვლის ჩაცმამ. ქალმა გამომწვევად წარმოაჩინა თავისი დაფარული სხეულის ნაკვთები და მოყვანილობა, მას შეეცვალა სიარულის, ჯდომისა და დგომის მანერა. ქალმა დაკარგა ღმრთისაგან მიცემული მორიდებისა და მორცხვობის ნიჭი, რომელიც იცავდა მას გარყვნილებისაგან, რამაც უფრო მეტად გააღვივა თანამედროვე საზოგადოებაში თავშეუკავებლობა და ისეთი ზნეობრივი დეგრადაცია, როგორიც არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას.

თანამედროვე მოძღვარი არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის წერილში “სამოსლისა და უბიწოების შესახებ” ამბობს: “ქრისტიანისთვის ტანსაცმლის ერთ-ერთი დანიშნულება ის არის, რომ დაიცვას საცდურისაგან როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები. ხოლო ახალი მოდები უპირატესად ამის საწინააღმდეგო მიზანს ისახავენ: ყურადღება მიაქციონ ადამიანის სხეულს და გამოიწვიონ ავხორცული გრძნობა. ისინი, ვინც დადიან ნახევრადშიშვლები და ამასთან ერთად ირწმუნებიან, რომ არ გრძნობენ არაწმიდა ვნებას, თავს იტყუებენ. ისინი ჰგვანან მთვრალს, რომელიც ირწმუნება, რომ ფხიზელია – ეს მიწა ირყევა მის ფეხქვეშ. როდესაც ჩლუნგდება სირცხვილის გრძნობა, შორდება მადლი, არაწმიდა ვნება ხდება განუწყვეტელი მდგომარეობა კაცისა და ის უკვე ვეღარ ხედავს მას (ვნებას), როგორც თევზი ვერ ხედავს წყალს, რომელშიც დაცურავს.უბიწოება არის ყოვლისმომცველი მცნება. ის უნდა იყოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და გამოვლინდეს გარეგნობაში. ქრისტიანი უბიწო უნდა იყოს ხალხის წინაშეც და მარტო ყოფნის დროსაც. უბიწოების გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, ხოლო მადლის გარეშე – სიხარული ამ ქვეყანაზე და მარადიული ცხოვრება ზეცაში.”

ცხადია ჩვენ, ქრიატიანები, ვერ შევაჩერებთ უზნეობას, რომელიც ავთვისებიან სიმსივნესავით მოსდებია საზოგადოებას და, როგორც ჩანს, ძალიან მალე წარმოუდგენელ სახეს მიიღებს, მაგრამ ის ხომ გვევალება, რომ ჩვენ თვითონ, საკუთარი ნებით არ ჩავეშვათ ამ განდგომილების მორევში და ჩვენს ახლობლებს სიმართლე ვუთხრათ ცოდვის შესახებ. როგორც უფალი გვეუბნება: “ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცდურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური” (მათეს სახარება 18,7).

ყოველი მორწმუნე და ღვთისმოყვარე ქალისათვის სანატრელი და მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: “უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვობა. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივი სიწმინდით, კრძალვით, მორიდებითა და სიმდაბლით. ყოველი ქრისტიანი ქალი უნდა უყურებდეს და ბაძვიდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისასა”. ასეთი ქალი ამ ცხოვრების მერე დაიმკვიდრებს ზეციურ სასუფეველს სხვა წმიდა ქალებთან ერთად. ხოლო თუ ქალი მიბაძავს მეძავების მოდას, მათთან ერთად დაიღუპება, როგორც პირადი ცოდვისათვის, ასევე სხვების ცდუნებისათვის. ან მძიმე ტკივილებისა და მწუხარებების ფასად მოუწევს ამ ცოდვების გამოსყიდვა, რომ მისი სული გადაურჩეს მარადიულ სასჯელს.

თელეთის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი

წყარო – “ზნეობა”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები