მსოფლიო
2021-07-21 12:09:01
გალტ & თაგარტმა ელექტრონული კომერციის სექტორზე კონფერენცია ონლაინ გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში განხილულია სექტორში მიმდინარე ტენდენციები, COVID-19 პანდემიის გავლენა და განვითარების პერსპექტივები.
COVID-19 პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ადგილობრივი ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ, 138 მლნ ლარამდე გაიზარდა 2020 წელს. ამასთან, სწრაფი ზრდის მიუხედავად საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო ვაჭრობაში 1.1%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს. მაგალითისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ევროპაში 12%-ია. საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე - 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება. კვლევის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ყველაზე პოპულარული კატეგორია არის ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით გაყიდვების 65%-ს შეადგენდა 2020 წელს. ამასთან, ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2025 წელს (138 მლნ ლარი 2020 წელს). ამასთან, იგივე პერიოდში მოსალოდნელია საცალო გაყიდვებში ელ-კომერციის წილის ზრდა 1.1%-დან 4.7%-მდე. კვლევის მიხედვით სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს ონლაინ მოვაჭრეთა რაოდენობის ზრდა, ერთ მომხმარებელზე საშუალო წლიური ონლაინ დანახარჯის ზრდა და ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების მიერ უცხოური ონლაინ პლატფორმებიდან მოვაჭრეთა მოზიდვა.
კვლევის მიხედვით მომსახურების გაუმჯობესებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სექტორის განვითარებისათვის, რადგან მოსახერხებელი ონლაინ ვაჭრობის შეთავაზება მთავარი გამოწვევაა. შედეგად, ქართველები 3.3-ჯერ მეტს ხარჯავენ საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში, ვიდრე ადგილობრივში. ამასთან, ვაჭრობის სრული პროცესის გაუმჯობესება (ძებნიდან მიწოდებამდე) მოითხოვს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს. შესაბამისად, მასშტაბის ეკონომია ელ-კომერციის განვითარების აუცილებელი პირობაა, რაც მესამე მხარის მიერ ორგანიზებული პლატფორმების ზრდის ძლიერ პოტენციალზე მიუთითებს. გარდა ამისა, აუცილებელია ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინტერნეტ/მობილური ბანკინგის გამოყენების გაზრდა და ლოგისტიკის განვითარება. ამ მხრივ საქართველომ უნდა გამოიყენოს ის არსებული უპირატესობები, როგორებიცაა განვითარებული საბანკო სექტორი, ინტერნეტზე მაღალი ხელმისაწვდომობა და ქვეყნის შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობა.
„გალტ & თაგარტი აგრძელებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორების დაფარვას და ბიზნესისთვის სხვადასხვა სექტორში არსებული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანალიზზე დაფუძნებული კვლევების მიწოდებას. მსოფლიოში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა COVID-19 პერიოდში. დარგის ექსპერტების აზრით, ონლაინ ვაჭრობაზრე მოთხოვნის ზრდა კრიზისის გადავლის შემდგომაც გაგრძელდება, რადგანაც ამ კრიზისით შეცვლილი მოხმარებლის ქცევა მომავალშიც შენარჩუნდება. საქართველოშიც იგივე ტენდენცია გამოიკვეთა და მომდევნო წლებში მოსალოდნელია ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება. შესაბამისად, ჩვენი კვლევის მიზანია ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს გაუზიაროთ გალტ & თაგარტის ხედვა სექტორში არსებული ვითარების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ“,- განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.
ელექტრონულ კომერციაზე კვლევა ხელმისაწვდომია ინგლისურ და ქართულ ენაზე გალტ & თაგარტის ვებგვერდზე: www.gt.ge
კომენტარები