2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2021-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ 11 გუნდს შორის ჟიურიმ ოთხი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი გუნდი, ხმის მიცემის შედეგად, საზოგადოების რჩეული გახდა. ხუთივე პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.
2021 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
• CosmoTronix - შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში, ელექტრული ინჟინერიის მიმართ ინტერესის გაზრდას.
• ChargeX - ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის გაქირავების პლატფორმა.
• კიურის ლაბორატორია - სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალებით დაკომპლექტებული ყუთი მოსწავლეთათვის.
• ბუტკო - მცენარეების სასტუმრო ბუტკო, რომელიც სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მცენარეთა მოყვარულებს.
• ფარდაგები რაჭიდან - სოციალური საწარმო, რომელიც ზემო რაჭაში, ფარდაგების ხელით ქსოვის ტრადიციის აღდგენასა და ამ მიმართულებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
„ამ კონკურსის დახმარებით, ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება სოციალურ მეწარმეებად ჩამოყალიბებაში, დავხვეწეთ გუნდური მუშაობა და მენტორის დახმარებით შევქმენით უნიკალური პროდუქტი, რომლის გამოყენებითაც ვგეგმავთ ელექტრული ინჟინერიის პოპულარიზაციას საქართველოში," - აღნიშნა ანა გოგელიამ, CosmoTronix-ის თანადამდუძნებელმა და Social Impact Award-ის წლევანდელმა გამარჯვებულმა.
Social Impact Award 2021-ის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 11 ფინალისტი გუნდი შეარჩია, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავეს თავიანთი იდეების განვითარებაზე და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით რეალისტური ბიზნესგეგმები შეიმუშავეს.

პროგრამის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები) გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

Impact Hub Tbilisi სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროგრამას უკვე მეხუთე წელია ახორციელებს და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1300-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 40-მდე ფინალისტმა (120 ახალგაზრდა) და დაფინანსდა 19 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
„Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის მიმართ ინტერესი იზრდება და კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის," - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
„თიბისისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტარტაპების, საშუალო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, ახალგაზრდების გაძლიერება, რეგიონებში ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და ქალთა ხელშეწყობა ბიზნესის განვითარებაში. სწორედ ამიტომ თიბისის პროგრამა სტარტაპერი მხარს უჭერს Social Impact Award 2021 განხორციელებას," - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ციფრული განვითარების ლიგის ლიდერი.

„გაეროს განვითარების პროგრამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს განვითარების შესაძლებლობები და არავინ დატოვოს ამ პროცესის მიღმა. UNDP დონორების ხელშეწყობით მესამე წელია აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის განვითარებას. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა Social Impact Award ქვეყნის მასშტაბით უნიკალურ შანსს აძლევს ახალგაზრდებს რეალობად აქციონ ინოვაციური ბიზნეს იდეები და ამით სასიკეთო ცვლილებები მოუტანონ მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება," - თინათინ ტყეშელაშვილი, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები