მსოფლიო
თურქეთი დიპლომატიური სკანდალით იმუქრება- საფრანგეთი კი გადაწყვეტილებას არ ცვლის
2012-01-25 22:04:01
ჩამოტვირთვა
სწორედ ასეთი რეაქციები ჰქონდათ თურქ პოლიტიკოსებს საფრანგეთში თურქეთის მიერ სომხების გენოციდის შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ. თურქულმა მხარემ კანონის დამტკიცებამდე საფრანგეთი არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა მიუხედავად ამისა, საფრანგეთის სენატმა 127 ხმით 86-ის წინააღმდეგ 23 იანვარს კანონპროექტი დამტკიცა. ოფიციალურმა თურქეთმა უკვე შეაფასა საფრანგეთის ეს გადაწყვეტილება, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტი. თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ოფიციალური ანკარა უმოკლეს ვადებში მიიღებს საფრანგეთის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს.
კანონპროექტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტს. ნიკოლა სარკოზიმ კი თავის მხრივ თურქეთის პრემიერს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული კანონი არ ემსახურება რაიმე კონკრეტულ მიზანს და ეს არ არის მიზანმიმართული უარყოფითი ნაბიჯი. საფრანგეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ თურქული მხარე ორი ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს და სიტუაციას არ გაართულებს. თურქეთში უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების შეწყვეტის გარდა, შესაძლოა ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდეს.
საფრანგეთის მიერ კანონის დამტკიცების შემდეგ ოფიციალურმა თურქეთმა ფრანგულ კომპანიებს ბოიკოტი გამოუცხადა. თურქეთს შეუძლია ყველა ფრანგულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტოს, რასაც კარგად აცნობიერებს ოფიციალური პარიზიც.
საფრანგეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაპირისპირებას აქტიურად ეხმიანება თურქული და საერთაშორისო მედია. პრესაში წერენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა. როგორც თურქული გამოცემები წერენ, სარკოზიმ თურქეთთან თანამშრომლობის პერსპექტივები საკუთარ ხმებზე გაყიდა. პრესის ინფორმაციით საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მხარდაჭერა სომეხი ამომრჩევლის ხმების მოზიდვაზეა გათვლილი.
საფრანგეთში დამტკიცებული კანონის თანახმად 1915 წელს განხორციელებული სომხების გენოციდის უარმყოფელები ერთწლიანი ციხითა და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით დაისჯებიან. მიღებული კანონი თურქეთისგან განსხვავებით სომეხი ერისთვის დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა.
თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის ფაქტს ვრცელი ანალიტიკური დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა წამყვანმა ბრიტანულმა ტელევიზია BBC-მ. დოკუმენტურ ფილმში დეტალურადაა აღწერილი 1915-1917 წლებში თურქეთის მიერ სომეხთა დევნის ფაქტები. დაახლოებით 1 საუკუნის წინ მომხდარი სომეხთა გენოციდის დროს მილიონნახევარი სომეხი დახოცეს. 1914 წლის 24 აპრილს ახალგაზრდა თურქმა მმართველებმა მთელი სომხური ინტელიგენცია სტამბულში შეკრიბეს და მათი გადასახლების ბრძანება გასცეს. უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს. მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების დიდმა ნაწილმა 1917-18 წლებში ამ ფაქტს გენოციდის სახელი უწოდა და შესაბამისი რეზოლუციები მიიღო.
კომენტარები