1 0 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"შეფასება არ ხდება, მოვლენები მშრალად და კომპეტენტურადაა გადმოცემული"- განათლების სამინისტროს განმარტება ივანიშვილის სკოლის ისტორიის წიგნში შეყვანაზე

განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, რომელმაც 2012 წლის მოვლენების აღწერის გამო საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, „ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს“.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ ჩიქობავამ განაცხადა, „ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა“.

ამასთან, ჩიქობავას ინფორმაციით, წიგნზე აქამდე უარყოფითი პოზიცია არავის დაუფიქსირებია.

„წინა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოს ისტორია მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლებოდა. ახლა, ისტორიის სახელმძღვანელოში შევიდა ცვლილება საქართველოს ისტორიის სწავლებასთან მიმართებაში და ისტორია როგორც დამოუკიდებელი საგანი, ისწავლება მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში - უძველესი პერიოდიდან თანამედროვე პერიოდამდე. საქართველოს ისტორია გაშლილია მსოფლიო ისტორიის კონტექსტში, ანუ პარალელურად განხილულია თუ რა მოვლენები მიმდინარეობდა. შესაბამისად, მე-9 კლასში მოექცა უახლესი პერიოდი და ამის მცდელობაა, რომ აისახოს უახლესი წლები, მათ შორის, დამოუკიდებლობის პერიოდში ყველა სახელმწიფო მმართველის შესახებ ინფორმაცია - დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან, მეორე პრეზიდენტით, ევროინტეგრაციით გაგრძელებული და ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვა, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდი, რუსული ოკუპაცია და ა.შ. ყველა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გაშუქების მცდელობაა. ორი გრიფირებული წიგნი გვაქვს, რომელსაც გრიფი 2021 წელს მიენიჭა და წელს შევიდა ეს სახელმძღვანელოები სკოლებში. ვფიქრობთ, ძალიან მშრალად და კომპეტენტურად არის გადმოცემული ორივე წიგნში ეს ამბები. იქ ხაზგასმულია ევროინტეგრაციაზე, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაზე, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. თუმცა, ეს პერიოდი ძალიან მოკლედ არის გადმოცემული. განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს თვითონ არ ქმნის.

სტანდარტში საკითხები არ არის მითითებული, თუ რა უნდა შევიდეს სახელმძღვანელოში, იქ უბრალოდ წერია, რომ საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნოს. ამიტომ არის ეს ორი ფაქტიც - ასოცირების შეთანხმება და 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაც დადასტურებული ფაქტებია. ამაზე აჟიოტაჟის ატეხა არ მგონია, სწორი იყოს. შეფასება არც 2012 წლის მოვლენების და არც წინა პერიოდის მმართველობის არ ხდება. მხოლოდ ფაქტად არის მოყვანილი. ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა. ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია.

სახელმძღვანელოები გრიფირებაზე რომ შემოდის, ინფორმაცია საჯაროდაც იდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. გარდა ამისა, შემფასებელთა კომისიაში შესულია აკადემიური წრის წარმომადგენელი, ორი მოქმედი პედაგოგი, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი, ასევე სხვა სპეციალისტი, რომელიც ამოწმებს დისკრიმინაციული და დისკრედიტაციული ენისგან რომ თავისუფალი იყოს სახელმძღვანელო, დაცული იყოს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ბალანსი, აღნიშნულ მიმართულებას. იდეალური ნაშრომი არ არსებობს, ყველა ნაშრომში რაღაც არის, მაგრამ ამ სახელმძღვანელომ გადალახა 90%-იანი ბარიერი, რაც არის დაწესებული, მიეცა რეკომენდაციები და საბოლოო სახე მიიღო ისეთი, როგორიც არის“, - განაცხადა ჩიქობავამ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ისტორიის სახელმძღვანელოზე ერთი წლის შემდეგ „კმაყოფილების კვლევა“ ჩატარდეს.

„სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით „კმაყოფილების კვლევა“ ჩატარდება ფოკუს ჯგუფებთან, სადაც მასწავლებლები, მშობლები იქნებიან და შენიშვნების გათვალისწინება მაშინაც მოხდება. ეს კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. სახელმძღვანელო წელს ჩაეშვა და ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, კვლევა რომ ჩავატაროთ“, - აღნიშნა ჩიქობავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ისტორიის გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორები არიან: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა („დიოგენე“), ასევე მზია სურგულაძე, ვლადიმერ კეკელია, რუსუდან ლაბაძე, შორენა მურუსიძე, მანანა ქურთუბაძე „ლოგოსპრესი“.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები