1 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,გახშირებულია ქურდობა, მკვლელობა, ღალატი... მაგრამ ამ უარყოფით მოვლენათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ნარკომანიას"

საქართველოს საპატრიარქო ნარკომანიის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პრობლემათა შორის, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მილიონზე მეტი ქართველი გავიდა უცხოეთში; მრავალი სახის საშიში სენია მოსახლეობაში, გახშირებულია ქურდობა, მკვლელობა, ღალატი... მაგრამ ამ უარყოფით მოვლენათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ნარკომანიას. ნარკომანია, მართალია, მსოფლიო სენია, მაგრამ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ განსაკუთრებით დიდ საშიშროებას წარმოადგენს იგი ჩვენთვის.ამ სენით დაავადებულები არიან ჩვენი შვილები. ბევრ შემთხვევაში ისინი არიან განათლებული, ნიჭიერი ადამიანები და ფაქტიურად, ჩვენ მათ ვკარგავთ. მინდა ვთქვა, რომ, მართალია, ნარკომანია უმძიმესი სენია, მაგრამ იგი იკურნება და მრავალი შემთხვევაა, როცა ეკლესიაში მოსული ადამიანი სრულად გათავისუფლდა ამ სენისგან.მახსენდება ჩვენი ვიზიტი აშშ-ში; ჩიკაგოში მოგვიწყეს დიდი შეხვედრა და იქ იყო ახალგაზრდების, ყოფილი ნაკომანების, ერთი ჯგუფი, რომლის წევრებიც დადიოდნენ მთელს ქვეყანაში, აშშ-ში და ეძებენ გამოსწორების მსურველ ნარკომანებს, შემდეგ მიჰყავთ ისინი სპეციალურ კლინიკაში და ეკლესიაში და უადვილებენ მათ ამ სენისგან გათავისუფლებას. მართლაც, კარგი შედეგები ჰქონდათ. ჩვენთანაც არის ასეთი არაერთი შემთხვევა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვუთანაგრძნობთ ამ სენით დაავადებულებს იმიტომ, რომ გვესმის, რამდენად მძიმეა ეს ავადმყოფობა, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით იმათ, ვინც ვაჭრობს ამ საშინელი საწამლავით! ისინი ხომ ამით ჭამენ პურს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის სისხლიანი პური. არავის არ უნდა ჰქონდეს ასეთი პური, ასეთი პური არ უნდა შევიდეს ოჯახში, იმიტომ რომ ღვთისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაულის ფასადაა იგი მოპოვებული.იმედი მაქვს, რომ ბოლოსდაბოლოს ისინი გაიგებენ, თუ რას ნიშნავს ნარკოტიკებით ვაჭრობა. ეს არის საშინელი ცოდვა და ეს ცოდვა ედება არა მარტო მათ, ვინც ამას აკეთებს, არამედ მათ შვილებსა და მთელს ოჯახს.

მე განსაკუთრებით მინდა მივმართო ფსიქოლოგიის ინსტიტუტს, ფსიქოლოგებს. მინდა მივმართო მასმედიას, ჩვენს ტელევიზიას, ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში. მე მესმის, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს ამის აღმოფხვრისათვის, მაგრამ, ალბათ, მთელი ერის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასწავლებლებს, სკოლებს, იმ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც არ არიან დაავადებულნი ამ სენით. უნდა გამოვიყენოთ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია, ჩვენი ბავშვები, ჩვენი ახალგაზრდები უნდა განვაწყოთ იმისათვის, რომ ეს საშინელი საწამლავი და ნარკოტიკი არ გამოიყენონ. ნარკომანია არის რეალობიდან გასვლა, უფრო სწორედ, ეს არის მცდელობა რეალური ცხოვრებიდან გაქცევისა. მე ვიცი, ზოგიერთს ვაჟკაცობადაც მიაჩნია და ამაყობს კიდეც, რომ ის იკეთებს ან ღებულობს ნარკოტიკს.

მე მინდა ვთქვა, რომ ვაჟკაცობა კი არა, ლაჩრობა, სულმდაბლობაა; სულით ძლიერი ადამიანი რეალურად უნდა ხედავდეს იმ პრობლემებს, რომელიც დგას როგორც ერის, ისე პირადად მის წინაშე და კი არ უნდა გაექცეს მას, არამედ უნდა მოიკრიბოს სულიერი და ფიზიკური ძალა და წინააღმდეგობა გაუწიოს მას. იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი ღებულობს ნარკოტიკს, იგი გაურბის პრობლემებს, ამასთან, ოჯახი კარგავს თავის წევრს, და არა მარტო ოჯახი, მთელი სახელმწიფო კარგავს პიროვნებას, რადგან ის აღარ არის სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოებისა.

იმედი გვაქვს, რომ მრავალი დაგვიბრუნდება და გაგვითავისუფლდება ამ სენისაგან. უპირველეს ყოვლისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი გათავისუფლებისა, ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, სარწმუნოება, ეკლესიაც ყველაფრით შეუწყობს ხელს და დაგვიბრუნდებიან ჩვენი შვილები“ (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II)."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები