მსოფლიო
გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება
2021-06-16 16:20:40
15-16 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით ყოველწლიური ლიდერთა სამიტი იმართება. წლევანდელი სამიტი ონლაინ რეჟიმში ტარდება და ის COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, კლიმატის ცვლილებას, მსოფლიოში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასა და კორუფციის თემებს ეძღვნება.
70-მდე ქვეყნის ბიზნესის, მთავრობების, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები სამიტზე იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სხვადასხვა სექტორის მხრიდან მსოფლიოს მასშტაბით პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების დასაძლევად, ასევე მდგრადი მიდგომების წასახალისებლად, ღირსეული სამუშაო და საარსებო მინიმუმის უზრუნველსაყოფად, ქალთა ლიდერულ პოზიციებზე დასაწინაურებლად და ინოვაციური ინსტრუმენტების წარმოსაჩენად.
წელს ლიდერთა სამიტში საქართველოც მონაწილეობს. სამიტზე თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება და დამსწრე აუდიტორიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თიბისის მიერ გადადგმული ნაბიჯების, გამოცდილებისა და ხედვების შესახებ გაუზიარებს ინფორმაციას.
„მოხარული ვარ, რომ ლიდერთა სამიტზე წელს საქართველოდან თიბისი მონაწილეობს. 2020, პანდემიის გამო, გამოწვევებით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში დანერგვის აუცილებლობას. სამიტის წევრებს სწორედ ამ მიმართულებით თიბისის მიერ განხორციელებული ინიციატივების, გადადგმული ნაბიჯების და ხედვის შესახებ გავუზიარებ ინფორმაციას“, - ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი.
სამიტი 2 დღის განმავლობაში ვირტუალურ სივრცეში გაიმართება და მასში 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან.
კომენტარები