0 4 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით თურქეთში 76-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეზობელ სირიაში 50-ზე მეტი. თუმცა მსხვერპლთა რიცხვი სტაბილურად იზრდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.

რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.

TRT-მა და Haberturk-მა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს, რომ კაჰამანმარასში დანგრეული შენობის გარშემო შეკრებილი ხალხი გადარჩენილებს ეძებს.

BBC-ის თურქული სამსახურის კორესპონდენტი დიარბაქირში იუწყება, რომ ქალაქში სავაჭრო ცენტრი ჩამოინგრა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა როგორც დედაქალაქ ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქებში, ასევე მთელ რეგიონში – კვიპროსში, ლიბანსა და სირიაში, სადაც, თურქეთის მსგავსად, უამრავი ადამიანია დაღუპული.

სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ალეპოს პროვინციაში დიდი რაოდენობით შენობები ჩამოინგრა, ჰამას საჯარო სამსახურის წყაროს თქმით, იქ რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, იტყობინება Reuters.

“სახლის კედლებიდან ნახატები ჩამოვარდა”, – განუცხადა როიტერს დამასკოს მცხოვრებმა სამერმა. “შეშინებულმა გამეღვიძა, ყველა ჩაცმული ვართ და კარებთან ვდგავართ.”

თვითმხილველების თქმით, ხალხი დამასკოში, ისევე როგორც ლიბანის ქალაქებში ბეირუთსა და ტრიპოლიში, შენობებიდან ქუჩებში გამოვარდა და მანქანებში ჩასხდნენ, რათა დანგრევის შემთხვევაში გაქცეულიყვნენ.

რუშდი აბულუფმა, BBC-ის პროდიუსერმა ღაზაში, თქვა, რომ სახლი, რომელშიც ის ცხოვრობდა, დაახლოებით 45 წამის განმავლობაში ირყეოდა.

თურქმა სეისმოლოგებმა მიწისძვრის სიმძლავრე 7,4 მაგნიტუდად შეაფასეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე წუთის შემდეგ რეგიონში მეორე ბიძგი მოხდა.

თურქეთის წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა, ქერემ კინიკმა თქვა, რომ ის რესურსების მობილიზებას ახორციელებს დაზარალებული რეგიონის დასახმარებლად, რადგან არის სერიოზული დაზიანებები და დანგრეულია შენობები. ის ამბობს, რომ თურქეთი მზად არის მიიღოს საერთაშორისო დახმარება.

თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს.

1999 წელს 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იზმიტის რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები