1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.

2021 წლის 16 ნოემბერს სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ჯგუფის მიზანია ასევე შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან აკვირდება მისთვის პენიტენციურ სისტემაში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და დროულობას. აპარატი ასევე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს, რაც შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამავდროულად, სამწუხაროდ, პატიმრის N18 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ (მეცხრე დღეა), სამინისტროს მიერ შექმნილ მულტიფუნქციურ კონსილიუმს დაწესებულებაში შესვლისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა.

სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში.

სახალხო დამცველს უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით.

ამჟამად კი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოიწვია კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:  გიორგი გრიგოლია - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

გრიგოლი ხურციძე - შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა გიორგი კაჭარავა - კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი - კარდიოლოგი/არითმიოლოგი აიდა გოზალოვა - ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე - ინფექციონისტი, თერაპევტი თენგო წულაძე - ნევროლოგი ნინო ზავრაშვილი - ენდოკრინოლოგი

ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.

სახალხო დამცველის მიერ მოწვეული მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც საჭიროებების შემთხვევაში, განახორციელებენ ვიზიტებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ. სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.

აქვე კვლავ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, მათ შორის, ბიუროკრატიული დაბრკოლებებით. ასევე, შემჭიდროვებულ ვადებში, შემუშავდეს მულტიფუნქციური კონსილიუმის საქმიანობის პროტოკოლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები