1 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა

2021 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე იმსჯელეს დღეს გიორგი კალანდარიშვილმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო მონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია რაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. მათთან ერთად მსჯელობაში ჩართული იყვნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური.

გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ აღნიშნული სამართლებრივი აქტები, რომლებიც ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს არეგულირებს,  სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით განაახლა.

„ვისაუბრეთ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებისა და სამზადისის შესახებ რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ახორციელებს. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათგან ვიღებთ რეკომენდაციებს, რომელიც პროცესის სწორად წარმართვაში ძალიან გვეხმარება.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაცია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს თანამშრომელთა სწრაფ ტესტირებას, ასევე წახალისებულია ვაქცინაციის პროცესი, რაც ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ვრცელდება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ ყურადღება გაამახვილა 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეო მონიტორინგის წესზე, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა.

 „მივიღე ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც გამჭვირვალობის და საჯაროობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. ასევე ვისაუბრეთ წინა არჩევნებზე სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ინფორმირების კამპანიას, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში. ჩემი რეკომენდაციაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ აქტიური საინფორმაციო კამპანიით ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ და რა პროცედურების გავლით მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები