მსოფლიო
ირაკლი კობახიძე - შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით - მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარასდროს მოვაწერთ ხელს
2021-08-02 13:53:48
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამორიცხულია მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს დოკუმენტს ხელი მომავალში მოაწეროს, რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ქვეყანაში. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს.
„ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს გავაცანით. რაც შეეხება ამ შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე: ჰქონდა თუ არა პრეზიდეტს მმართველი გუნდის წევრების გადარწმუნების მცდელობა, კობახიძემ უპასუხა: „პრეზიდენტთან დახურული საუბრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. მას აინტერესებდა ჩვენი მოსაზრებები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით“.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, მათ შორის, საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას, რომ მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნება გამორიცხულია.
„ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის მანძილზე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. თქვენ იცით, რომ 4 პოლიტიკური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს. გარდა ამისა, ოპოზიციური დეპუტატების ნახევარზე მეტს არ ჰქონდათ ხელი მოწერილი ამ დოკუმენტზე. მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე. თუმცა, ახლა ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია. ბავშვები არ ვართ და მკაფიოდ განვაცხადეთ - ეს შეთანხმება ანულირებულია! ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ, უპრინციპობას ჩვენ ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი და საქართველოს მოსახლეობა. შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები