1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ იაპონური კულტურის ფესტივალზე Land Cruiser Prado-ს უახლესი მოდელით წარდგა

იაპონური ხარისხის ერთგული და ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული - ეს ტოიოტას უახლესი და ყველაზე მოთხოვნადი მოდელი Land Cruiser Prado-ა, რომლითაც „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ იაპონური კულტურის ფესტივალზე წარდგა. ღონისძიება წელს ბათუმში მესამედ გაიმართა და მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებასა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას.

წელს ფესტივალის მხარდამჭერი ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრი დასავლეთ საქართველოში „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ იყო - ბრენდი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს იაპონურ ხარისხს, ტრადიციებსა და კულტურას.

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ იაპონური კულტურის ფესტივალზე წარმოდგენილი ვიყავით ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი მოდელით, Land Cruiser Prado-თი, რომელიც, თავისი კონცეფციის გათვალისწინებით, პირდაპირ უკავშირდება ფესტივალს. მისი კონცეფცია ემყარება „უკან საწყისებისკენ“ შინაარსს, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს ძველი ტრადიციებისა და ხარისხის ერთგულებას, რაზედაც ზოგადად დგას ეს ბრენდი და, მეორე მხრივ, არის ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული და თანამედროვე საჭიროებებზე მორგებული.

ფესტივალის მიზანი იყო იაპონიის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ჩვენება, იაპონია-საქართველოს კულტურათაშორისი კავშირებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავება. ფესტივალი სხვადასხვა საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული, რომელიც ხაზს უსვამდა იაპონიის კულტურის მრავალფეროვნებას. პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხელს უწყობს იაპონიის კულტურისადმი პატივისცემას და საზოგადოებაში ამ ქვეყნისადმი ინტერესის გაღვივებას. ჩვენ, როგორც იაპონური ხარისხის ერთგულმა ბრენდმა, გადავწყვიტეთ, სიამოვნებით ჩავრთულიყავით ამ ღონისძიებაში“.

ღონისძიების ფარგლებში Prado გაფორმებული იყო იაპონური კულტურისათვის დამახასიათებელი დეტალებით - იაპონური თაღითა და პრადოს პირველი გამოშვების საკულტო ფერებით შექმნილი მთის იმიტაციით. შინაარსობრივად მთა Land Cruiser Prado-სთანაც არის კავშირში, რადგან ეს არის ყველგანმავალი ავტომობილი, რომელსაც სიმაღლეების დაპყრობა შეუძლია.

იაპონური კულტურის წლევანდელ ფესტივალს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდა. ღონისძიებას  ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის იაპონიის ელჩი, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მდიდარი იაპონური კულტურული მემკვიდრეობა.  შესრულდა იაპონიისა და საქართველოს ჰიმნები, ქართული და იაპონური ცეკვები. გაიმართა სხვადასხვა სახალისო თემატური ღონისძიება - შოდოსა და ორიგამის ხელოვნება, იაპონური თამაშების ჩვენება, იაპონიის ტრადიციული და ცნობილი ადგილების სურათების გამოფენა და სხვა.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დაარსების დღიდან მხარს უჭერს მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. იაპონური კულტურის ფესტივალში მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან „ტოიოტა ცენტრი ბათუმისთვის“, როგორც მოწინავე იაპონური საავტომობილო ბრენდის წარმომადგენლისთვის, ძალიან საამაყოა, ახლოს იყოს იაპონურ კულტურასთან და მხარი დაუჭიროს მსგავს ღონისძიებებს.

__

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები