0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

სახალხო დამცველმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.

ჯგუფის მიზანია, ასევე შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18-ე სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან აკვირდება მისთვის პენიტენციურ სისტემაში მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და დროულობას. აპარატი ასევე ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის დასკვნებითა და რეკომენდაციებით.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა, შიმშილობს, რაც შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამავდროულად, სამწუხაროდ, პატიმრის N18 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ (მეცხრე დღეა), სამინისტროს მიერ შექმნილ მულტიფუნქციურ კონსილიუმს დაწესებულებაში შესვლისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა.
სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში.
სახალხო დამცველს უკვე არაერთხელ აქვს გამოყენებული საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად ექიმ-სპეციალისტთა მოწვევის მანდატი სხვა პატიმრებთან დაკავშირებით – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მულტიფუნქციურ ექსპერტთა ჯგუფში შემდეგი სპეციალისტები მიიწვია:

გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი
გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი
აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი
თენგო წულაძე – ნევროლოგი
ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები