0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლეგენდად ქცეული სიყვარული

ჩამოტვირთვა

ეს ადამიანი ამბობს, რომ ის დონ კიხოტზე ბედნიერი იყო, რადგან დონ კიხოტმა დულსინეა შეთხზა, გამოიგონა, მას კი რეალურად 26 წელიწადი გვერდით ჰყავდა თავისი ოცნება – ბელა მირიანაშვილი. და იტყვის იმასაც, რომ ვერ გაძღა ამ ქალით, არ ეყო ის 26 წელიწადი... ამ ორმა დიდებულმა ადამიანმა განსხვავებული გზები გამოიარა, ბელა მირიანაშვილმა ეკრანი მაშინვე დაიპყრო, ჯერ თეატრალური ინსტიტუტის სცენა, შემდეგ უკვე რუსთაველის თეატრისა, კახი კავსაძეს კი წლები დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღირსი იყო სცენაზე დგომის...სამოწყალოდ ჩარიცხეს თეატრალურ ინსტიტუტში, ყველა მას უკიჟინებდა პირის გახსნასა და წესიერად მეტყველებას, ის თავდაუზოგავად შრომობდა, წვალობდა... მეოთხე კურსზე იყო, ინსტიტუტის ფოიეში თვალი რომ მოჰკრა ბელა მირიანაშვილს და თვალთ დაუბნელდა …. „ეს იყო სიცოცხლის, ხალისის განსახიერება, ჯანსაღი, ნაწრთობი სხეული, თანდაყოლილი, მომხიბლავი პლასტიკურობით. შუქით და სიკეთით სავსე თვალები, მოძრაობის სიმსუბუქე და აღნაგობის პროპორციულობა მას ამსგავსებდა შექსპირის დაუდგრომელ ქალწულებს...“ – ასე გაიხსენებს ათეული წლების შემდეგ ნოდარ გურაბანიძე ბელა მირიანაშვილის პირველ გამოჩენას სცენაზე. კახი კი უიმედოდ ეტრფოდა შექსპირულ ქალწულს. ვერაფრის თქმას ვერ უბედავდა. ბელა კი ვერ ამჩნევდა მასზე უზომოდ შეყვარებულ ბიჭს... კახი კავსაძემ სცენაზე ფეხი რომ მოიკიდა, მერეღა გაბედა დაახლოებოდა ბელას და ერთ მშვენიერ დღეს, მეგობრებთან ვახშამზე მისულმა გამოაცხადა: გაიცანით, ეს ქალი ჩემი ცოლიაო. შეუღლებაც რევერანსებისა და ზედმეტი სიტყვების გარეშე იყო. უბრალოდ, ჰკითხა: „ბეჭედი გიყიდო?“. „არ არის საჭირო“, – იყო პასუხი. იცოდა ბელამ, რომ კახის ფული არ ჰქონდა... მათ სიყვარულს ვერც უფულობა აკავებდა და ვერც ის ფაქტი, რომ ბელას უკვე ნანუკა ჰყავდა... დაიწყო მათი ბედნიერი თანაცხოვრება. კახი ცდილობდა, ყოფილიყო ღირსეული ცოლის ღირსეული ქმარი. ბელა ამაყობდა თავისი ქმრით. მაესტრო თუმანიშვილი ერთობ სკეპტიკურად უყურებდა კახის არტისტობას, თავის დროზე საჯაროდ სვამდა კიდეც კითხვას: „რა უნდა ამას თეატრშიო?“ და ცხადია, ვერ ეგუებოდა, როცა ეს კახი მისი ფავორიტი აქტრისას – ბელა მირიანაშვილის ქმარი გახდა... კახი დიდ სიყვარულს დიდი სიყვარულით და გააფთრებით პასუხობდა – ჩუქნიდა ყვავილებს, მაგრამ, უბრალოდ, თაიგულს კი არა, მთელ ბუჩქ იასამანს... ბელას ყველა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულად მიიჩნევდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რას უმზადებდა ბედისწერა. ბელა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო, ვირუსული გრიპი რომ შეეყარა, 40 გრადუსი ჰქონდა სიცხე. მაინც ითამაშა სპექტაკლი. გრიპს ფილტვების ანთება დაერთო. ანტიბიოტიკებს არ გაეკარა, ნაყოფი რომ არ დაზიანებულიყო. მშობიარობის შემდეგ კი სენმა თავი იჩინა ...ამ დროიდან იწყება საარაკო ცოლ-ქმრის საარაკო ჭიდილი ავადმყოფობასთან. ჯანდაცვის იმდროინდელი მინისტრი ბეწვზე გადარჩა, კახი კავსაძემ თავზე რომ არ დააფშვნა საფერფლე, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ბელა ახლდა... კახი ფორმალურ მიმართვას ითხოვდა მინისტრისგან საზღვარგარეთული კლინიკისთვის. ის მინისტრი კი ზღაპრებს უყვებოდა საბჭოთა მედიცინის ძლიერებაზე. მხოლოდ ნოდარ დუმბაძის ძალისხმევით მოხერხდა ამ მიმართვის მიღება. წავიდნენ კიდეც, მაგრამ მხოლოდ დაბლოკვაღა მოხერხდა დაავადების. ბელა სარეცელს მიეჯაჭვა.. მანამ კი, როცა ირაკლი პატარა იყო, იღვიძებდა და საწოლში წამომჯდარი დედას ხელში აყვანას სთხოვდა, სთხოვდა იმას, რაც დედას არ შეეძლო, თავგანწირული დედა იწყებდა ზღაპრების მოყოლას. ირაკლი უსმენდა და უსმენდა, ავიწყდებოდა, რომ ადგომა სურდა... „არ მყავს დედა, რომელმაც ჩემთვის უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო, ის არავის ჰგავდა! როდესაც თეატრში მივდიოდი, მაცილებდა, სიარული უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა, თვალებში შემომხედავდა და მე ვგრძნობდი ძალას, რომელიც მეხმარებოდა“, – იტყვის დედის სიკვდილის შემდეგ ირაკლი კავსაძე... „მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად: რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსალოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრავმა არ მიმეყენებინა. და ვგონებ, ეს შევძელი კიდეც. ალბათ, სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ. ვიცი, რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის“. – წერდა ბელა მირიანაშვილი.... 23 წელიწადი ებრძოდა სენს... კახი მუდამ წამლების ძებნაში იყო, თავგადაკლული უვლიდა შვილებს, ავადმყოფ მეუღლეს. ბელას ხელით დაატარებდა, ისწავლა და თავად უკეთებდა ყოველდღიურად 10-15 ნემსს... ჭურჭელს ხშირად კახი რეცხავდა და ბელა საშინლად ნერვიულობდა ამ ფაქტის გამო, კახი ამშვიდებდა და თავად კი იმას განიცდიდა. კახი კავსაძე ამბობდა: „მე ჩემს გრძნობებს ბელასამდი იმით ვწონიდი, რომ მისთვის ყველაფრის გაღება შემეძლო. მიფიქრია: 2 თირკმელი მაქვს, 2 ფეხი, 2 ხელი, ორი თვალი, ოღონდ მორჩეს და ყველაფერს მივცემ-მეთქი. გული ხომ ერთი აქვს ადამიანს – იმასაც მივცემდი, მაგრამ ის ისეთი იყო, დამერწმუნეთ, არ მიიღებდა. ბელა თავად იყო ღირსეული. რომ ამბობენ, კახი კარგი ქმარი იყოო, სინამდვილეში ის იყო კარგი, არაჩვეულებრივი... 26 წელიწადი ვიყავით ერთად... ავად იყო, ვეღარ დადიოდა და... მაინც ვეჭვიანობდი. მე ვინც მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეს მანერვიულებდა სწორედ... 1992 წლის აგვისტოს მიწურული იყო. კახი მოსკოვში იმყოფებოდა, გადაღებებზე, 29-ში უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, მაგრამ ბელამ ტელეფონში დამარცვლით უთხრა: "ჩა-მო-დი!" მიხვდა კახი, რაღაც ხდებოდა ბელას თავს, მაშინვე დატოვა გადასაღები მოედანი და თბილისში დაბრუნდა. ორი დღე ერთად იყვნენ, მესამე დღეს, 27 აგვისტოს ბელა მირიანაშვილი გარდაიცვალა. “ძნელია ერთგულება კუბოს კარამდე, მაგრამ კახი კავსაძემ ეს შესძლო. შესძლო კუბოს კარამდეც და მის მერეც. მათი სიყვარული ვერ გაახუნა ვერც სიცოცხლეში თავს დამტყდარმა ტრაგედიამ და ვერც ბელა მირიანაშვილის გარდაცვალებამ… მათი სიყვარული იმთავითვე იქცა ლეგენდად და შთამომავლობისთვის მოსაყოლ საარაკო ამბად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები