0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უბრალოდ ტანგო...

ჩამოტვირთვა

კეფიდან მაყოლებ მზერას, ზურგიდან გიფეთქავს გული. სხვის თეძოს მიარხევ მტევნით, ტანგოს მე მირითმავ პულსით. საკინძე შემიხსნა ძგერამ მუხლებში ჩამლღვალი გულის. კაბის ქვეშ ვაგროვებ ღელვას, ვერთვი ლიბერტანგოს სულის. თეძოდან სხვა თეძოზე ხელი… სხვა შიფონმოსხმული ტანგო… ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით ცეკვას ერთად და მარტოდ… ცეკვა ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე.... ცეკვა, რომელსაც მთელი სხეულით შეიგრძნობ... და ცეკვა, რომელმაც არ შეიძლება სუნთქვა არ შეგიკრას და სხეულის ყველა ნერვი არ აგითრთოლოთ. აქ ხომ სხეულისა და რითმების განმაცვიფრებელი სინქრონია.... დიახ, ეს ცეკვის პოეზიაა და მას სახელად ტანგო ჰქვია... ტანგო იმისთვის შეიქმნა, რომ ქალს თავისი ადგილი სცოდნოდა და ამისგან მაქსიმალური სიამოვნებაც მიეღო. ტანგოში ქალი პარტნიორის, ანუ მამაკაცის გარეშე, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ტანგო მეცხრამეტე საუკუნის პირმშოა და ის ბუენოს-აირესში იშვა. მერე ნელ-ნელა დაიპყრო მთელი არგენტინა, ურუგვაი, კუბა. ალბათ, ტანგო დიდხანს იქნებოდა „ველური,” არგენტინიდან ევროპაში რომ არ მოხვედრილიყო. მისი ღირსებები პირველად ფრანგებმა შეაფასეს. 1913 წელს ცეკვამ ნიუ-იორკშიც შეაღწია. თავიდან ეს ცეკვა ეგრეთ წოდებული “ბინძური ცეკვების” ნუსხაში შედიოდა და სანამ ელიტურ სალონებში ტანგოზე ბოდავდნენ, ცენზურას, როგორც ჩანს, არ ეძინა. პაპმა ბენედიქტე მეთხუთმეტემ ტანგო უღირს, აღვირახსნილ ცეკვად გამოაცხადა და აკრძალა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო – ტანგო დაანგრევს ოჯახებს და მოკლავს კეთილგონიერებასო. პარიზის არქიეპისკოპოსმა ლეონ ადოლფ ამეტმა სწრაფად აუბა მხარი რომის პაპს და მრევლს ამ უზნეობაში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. თუმცა ამ აკრძალვებიდან მაინც არაფერი გამოვიდა. არსებობს ლეგენდა ტანგოს შესახებ, რომ XIX საუკუნეში ბუენოს–აირესში მსოფლიოს ყველა კუთხიდან თავს იყრიდნენ თავგადასავლების მაძიებლები, ავანტიურისტები და უბრალოდ ხალხი ვინც საკუთარი თავის პოვნას ცდილობდა წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში. სასადილოებიდან აკორდეონის ხმა გამოდიოდა, კაცები ჩხუბობდნენ, ქალები კი უყურებდნენ ხოლმე. და ერთხელაც როდესაც ქუჩაში ასეთი სიტუაცია წარმოიქმნა, პოლიციის გამოჩენისას მუსიკოსებმა გადაწყვიტეს არ შეეწყვიტათ დაკვრა, ცდილობდნენ რა ეს ჩხუბი უბრალო დადგმათ წარმოეჩინათ. ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით, სწორედ ასე გაჩნდა ტანგო – „ ორი კაცის ცეკვა “. უკვე მოგვიანებით, როცა ხალხმა ამ უცნაური სინთეზის სილამაზე გაიგო, ტანგომ თანდათან ქუჩიდან ბარებში გადაინაცვლა, ამავდროულად, ტანგო მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა, ის ქალებმაც შეისწავლეს და მალევე გახდა დაუოკებელი ლტოლვის სიმბოლო და არგენტინის სავიზიტო ბარათი. ტანგო – ერთ–ერთია იმ ყველაზე მგზნებარე ცეკვებიდან რაც კი დედამიწაზე არსებობს, ის სიწრფეს გასწავლის, კაცს აიძულებს გაიხსენოს გალანტობა, ქალს კი სინაზე. მე–20 საუკუნის დასაწყისში ის დიდი სისწრაფით იძენდა პოპულარობას და მხოლოდ მაღალი ფენა არ აღიარებდა ახალ მუსიკას, თუმცა მცდელობები, შეეჩერებინათ მგზნებარე ტანგოს პოპულარობა, თავისი თეძოების შეხებით და ფეხების გადახლართვით, წარუმატებელი გამოდგა. მუსიკოსი რომელმაც ტანგო ახლიდან ააღორძინა ასტორ პიაცოლა იყო. მან ძველ მელოდიებს ახლებური ენერგიული არანჟირება გაუკეთა, რითაც ტანგოს ახალი სული შთაბერა. ტანგოს უკვდავსაყოფად ორი მონუმენტია აღმართული. ერთი 1998 წელს დაიდგა პატარა, არგენტინულ ქალაქ ვილია-ჰესელში. მერე იყო 3,5-მეტრიანი ქადაკება – სკულპტორ ესტელა ტრებინოს ქმნილება, ბუენოს-აირესში. ყოველ წელს ბუენოს-აირესში ტანგოს ფესტივალი იმართება და ამ დროს ხაზინა ნახევარი მილიარდით ივსება. ბუენოს-აირესში ტანგოს მსოფლიო მუზეუმია. ის 2003 წლის დეკემბერში გაიხსნა. 2009 წლის 30 სექტემბერს ტანგო, ჩინურ დამწერლობასთან და აზერბაიჯანელ პოეტ-აშიკებთან ერთად, იუნესკოს არამატერიალური საგანძურის ფონდში შევიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები