0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ყველაზე კარგი ხუმრობა – ეს ჩემი დაკრძალვა იქნება, მინდა ეს როლი კარგად ვითამაშო“...

ჩამოტვირთვა

ეს ადამიანი მსოფლიო კომიკოსად ითვლება. მისი კომედიები კინოეკრანებზე რომ გასულიყო, საბჭოთა ხელისუფლება დასავლეთთან გარკვეულ დათმობებზეც კი მიდიოდა. თავად ამ ადამიანს კი 44 წელი და 75 ფილმი დასჭირდა იმისათვის, რომ რეჟისორებისა და მაყურებლის აღიარება მოეპოვებინა, რადგან მისი ნიჭის კარგა ხანს არავის სჯეროდა. დიახ, ეს ლუი დე ფიუნესია... კარლოს ლუი დე ფიუნესი დე გალარზა 1914 წლის 31 ივლისს პარიზის გარეუბანში დაიბადა. მადამ დე ფიუნესი სახლშიც და უბანშიც ძალიან ცნობილ და ავტორიტეტულ ქალად ითვლებოდა. მისი ქმარი კარლოსი კი მთელი უბნის ქალების გულთამპყრობელი იყო. სკოლაში ლუის ყველაზე კარგად მასწავლებლის ზურგსუკან მაიმუნობა გამოსდიოდა. ერთხელ სკოლის მეგობართან ერთად ზოროს სცენებს დგამდა, ლუი როლში იმდენად შეიჭრა, რომ მეგობარი კინაღამ დაახრჩო. ამ შემთხვევის შემდეგ, დედამისმა გადაწყვიტა შვილი საფუძვლიანად დაეტვირთა. მომავალი კომიკოსი უამრავ სამსახურში მუშაობდა, მათ შორის, ტვირთის გადამზიდად, ვიტრინების გამფორმებლად, რძის დამტარებლად, ფეხსაცმელების მწმენდავად... მას არასოდეს დავიწყებია ის შეურაცხყოფა, რომელიც სამხედრო კომისარიატში მიაყენეს. სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმის გამო დაიწუნეს, რომ მხოლოდ 164 სმ სიმაღლის იყო და 55 კილოგრამს იწონიდა. მაშინ ლუი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ცხოვრებაში ისეთი საქმე უნდა ეკეთებინა, რომელიც თავისი ნაკლოვანების დამალვაში დაეხმარებოდა. ამისათვის კი იუმორი ყველაზე კარგი საშუალება აღმოჩნდა. ფიუნესი პირველად სცენაზე კოლეჯში სწავლისას ავიდა და "სამეფო ინდაურში" ჰენრი მეოთხის შვილი ითამაშა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა მსახიობი ცეცხლს ეთამაშებოდა და მას დრამატული როლებისაგან თავის შეკავება ურჩიეს. 1941 წელს ლუიმ რენე სიმონის თეატრალურ კურსებზე მისვლა გადაწყვიტა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ჟანინ ბარტოლომი. წარჩინებულ ოჯახში აღზრდილი რომანტიკული გოგონა გი დე მოპასანის შთამომავალი იყო. 1942 წლის 22 აპრილს წყვილმა იქორწინა. იმ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. გართობისათვის არავის ეცალა, ამიტომ ლუიმ მუშაობა ჯერ საწყობში, ხოლო მოგვიანებით კაბარეში დაიწყო, სადაც ხელფასის ნაცვლად, დღეში ორჯერ, თავისთვის და ფეხმძიმე მეუღლისთვის, უფასო სადილს იღებდა. ფიუნესი ეკრანზე პირველად 1945 წელს გამოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში ეპიზოდურ როლებს თამაშობდა. მსახიობი მზად იყო, მინიმალური ჰონორარის სანაცვლოდ, ნებისმიერი როლი შეესრულებინა. "სასაცილოა, რომ ჩემი კარიერის პირველ 20 წელიწადში 112 ფილმში ვითამაშე, მაგრამ ყველგან რამდენიმე წუთით. ჩემი პირველი როლი ის იყო, რომ ფილმის დასაწყისში კარს ვუღებდი პიერ ლარკეს და ფილმის დასასრულს კარს ვხურავდი", – წერდა თავის მოგონებებში მსახიობი. ლუი მიხვდა, რომ ეპიზოდური როლების შესრულებისას თავი უნდა გამოეჩინა და, იუმორის საშუალებით, მაყურებლისთვის თავი დაემახსოვრებინა. პოპულარობა ფილმში "დედა, მამა, მოსამსახურე და მე", მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა, ხოლო ნამდვილი აღიარება მოუტანა სურათმა "ვერ დაიჭირე? ესე იგი, ქურდი არ არის". ლუის უკვე 75 ეპიზოდური როლი ჰქონდა შესრულებული, ამ ფილმით კი ეკრანზე დაიბადა ის ლუი დე ფიუნესი, რომელიც მაყურებელს დღემდე ახსოვს – ქოლერიკი, სენტიმენტალური, აბეზარი და წუწუნა. მსახიობს კრიტიკოსებიც დადებით შეფასებებს აძლევდნენ. მაყურებელმა მისი გვარი კარგად დაიმახსოვრა. პირველ წარმატებულ ფილმს სხვებიც მოჰყვა – "მშვენიერი ამერიკელი ქალი", "ეშმაკი და ათი მცნება", "ჟანდარმები სენტროპედან" და სერიები ფანტომასზე. "ფანტომასით" ლუი დე ფიუნესი საფრანგეთის ყველაზე კომერციულ და პოპულარულ კომიკოსად იქცა. ცნობილი მსახიობი საზოგადოებასთან და პრესასთან ყოველთვის თავაზიანი იყო. ამის გამო ის ერთხელ პრემია "ფორთოხლითაც" დააჯილდოვეს, როგორც ჟურნალისტებთან და ფოტორეპორტიორებთან ყველაზე თავაზიანი რესპონდენტი. ლუიმ თავისი პარიზული სახლის კარზე ასეთი წარწერა გააკეთა: "ვვაჭრობ სიცილით 9–დან 18 საათამდე". ლუი დე ფიუნესმა პირველი ინფარქტი რომ გადაიტანა "მატადორების ვალსში" თამაშობდა. ავადმყოფობამ კინობაზარზე მისი პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყია. პროდიუსერებს აღარ უნდოდათ ფული იმ მსახიობში დაებანდებინათ, რომელიც შეიძლება გადაღებების დროს ცუდად გამხდარიყო. ერთადერთი რეჟისორი, რომელთანაც ლუიმ მეგობრობა მოახერხა, ჟან ჟირო იყო, მაგრამ ფილმზე მუშაობის დროს, ჟირო მოულოდნელად გარდაიცვალა. მეგობარი რეჟისორის დაკარგვამ მხიარული ლუი ძალიან დაასევდიანა და, შეიძლება ითქვას, კინოს მიმართ ინტერესი დაკარგა. ჩაიკეტა თავის ციხესიმაგრეში და გარეთ იშვიათად გამოდიოდა. ლუის სიამოვნებას მხოლოდ ბაღში მუშაობა ანიჭებდა. მთელ დროს ყვავილებზე ზრუნვაში ატარებდა, მისი საუკეთესო მეგობარი კი მებაღე გახდა. მოგვიანებით, ვარდის ერთ–ერთი ჯიშს ლუი დე ფიუნესიც კი უწოდეს. ლუი დე ფიუნესი კარგი ღვინოსავით იყო – წლებთან ერთად, მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა. 1982 წლის გამოკითხვებით გაირკვა, რომ მაყურებლის 47 პროცენტი, კომიკოსებს შორის, უპირატესობას ლუი დე ფიუნესს ანიჭებდა. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, მსახიობმა ცოლს უთხრა: "ვიცი, რა იქნება ჩემი ყველაზე კარგი ხუმრობა – ეს ჩემი დაკრძალვა იქნება. მინდა, ეს როლი ისე ვითამაშო, რომ ყველა სიცილით გაიგუდოს". ამ სიტყვებიდან ერთ კვირაში, 1983 წლის 28 იანვარს, დიდი კომიკოსი გარდაიცვლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები