0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

 

„ნატო ვაჩნაძის ფონდის“ პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება.  დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე “სარაჯიშვილი”, “გალფი”, ‘’Rooms Hotels’’ და სხვა.

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

 

წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები. 

 

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.

ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.
საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.


ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

 

მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwards
ნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com



 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები