1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ილია სულამანიძე გაწირეს, ოქროს მედალი დაათმობინეს, ეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტრაგედიაა“ – რას წერს აღშფოთებული ლაშა გოდუაძე?

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და თავისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მომხდარს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა გოდუაძე ეხმაურება და წერს, რომ უსამართლობა მოხდა. მისი თქმით, ილია გაწირეს და დამსახურებული ოქრო დაათმობინეს.

„ის, რაც დღეს შეემთხვა ილია სულამანიძეს, ქართველი ძიუდოისტის კი არა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტრაგედიაა. რა დროც უნდა გავიდეს, ყოველთვის ვიტყვი და დავწერ, რომ 2024 წლის 1 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიადის ფინალში, ილია სულამანიძე გაწირეს.

ფინალის მოგება მას მსაჯმა კი არა, ზემდგომმა, ეგრეთ წოდებულმა სუპერვაიზერმა არ დაანება. სწორედ მისი დირექტივით, ტატამის რეფერიმ ქართველი, ფინალის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე, მესამედ გააფრთხილა და განაღდებული, აბსოლუტურად დამსახურებული ოქროს მედალი დაათმობინა. ხაზგასმით ვამბობ, სუპერვაიზერის დირექტივის შემდეგ, თავად უნგრელი მსაჯი ქართველი ძიუდოისტის მესამედ გაფრთხილებას არ აპირებდა.

ილია ჩემპიონობას იმსახურებდა. პირველი ორთაბრძოლიდან დაწყებული ფინალის ჩათვლით, ის მშვენივრად ჭიდაობდა, ყველა მეტოქესთან თავდაჯერებული და აქტიური იყო. ნახევარფინალი საერთოდ რეკორდულ დროში მოიგო, პარიზში ილიაზე ადრე მეტოქე, მგონი, მხოლოდ უკრაინელმა დარია ბილოდიდმა დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლას ქართველი ვაზარით იგებდა, შეჯიბრების დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ტატამს მიღმა ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ოქროს მედალი მას კი არა, აზერბაიჯანელ მეტოქეს უნდა რგებოდა.

წინასწარი ეტაპის შეხვედრა რომ ყოფილიყო, მაშინაც კი არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სპორტსმენის მესამედ გაფრთხილება. მით უმეტეს ფინალში.

პირველი შიდო რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდი, მაგრამ მესამედ გააფრთხილო ის ძიუდოისტი, რომელიც მთავარ ორთაბრძოლას შესანიშნავად შესრულებული ილეთით და ვაზარით იგებს, მეტოქე კი ხეირიანად ვერც უტევს… რა ვიცი, არ არის უსამართლობა? ეს თუ არა, აბა, რა არის სპორტსმენის გაწირვა?

გავა დრო და ეს ამბავი ბევრს აღარ ემახსოვრება, ილია სულამანიძეც პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნად შემორჩება ისტორიას, მაგრამ მე ამ უსამართლობას ვერაფერი დამავიწყებს.

ზუსტად ისე, როგორც არ დამავიწყდა ლონდონის ოლიმპიადის ფინალი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მსაჯმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გაწირა.

ზუსტად ისე, როგორც არ დამავიწყდა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი ხმლით ფარიკაობაში, სადაც მსაჯთა დამკვირვებელმა არ მიუშვა სანდრო ბაზაძე ოქროს მედლამდე.

ილიას დრამაც ამ ამბების გაგრძელებაა.

მე თუ მკითხავთ, მომხდარი უნდა გაპროტესტდეს. ვიცი, რომ ორთაბრძოლის შედეგი არ შეიცვლება, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში ის მაინც უნდა იგრძნონ, რომ უსამართლობა მოხდა და თვალებში ნაცრის შეყრას არავინ შეეგუება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქართველი კვლავ დაზარალდეს ასეთი უტიფრობის გამო“, – წერს ლაშა გოდუაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები