0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში 4 ახალგაზრდა დაჭრეს, მათ შორის მორაგბე ლაშა საჯაია

ვეძისის ქუჩაზე დაჭრილი 4 პირიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ფილტვში აქვს მიყენებული. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი 4 პირიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალია.

თვითმხილველების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გამოვიდნენ და დაჭრილი პირები ნახეს, თუმცა, თავდამსხმელი უკვე გაქცეული იყო. 

ცნობილია, რომ ოთხივე დაჭრილი ვეძისის ქუჩის მცხოვრებია. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომელთაც გადაკეტილი აქვთ უშუალოდ შემთხვევის ადგილი. შესაბამის საგამოძიებო სამუშაოებს ახორციელებენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე მუშაობენ კინოლოგებიც. მიმდინარეობს ვეძისის ქუჩის მცხოვრებლების გამოკითხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეძისის დასახლებაში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეიყვანეს ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

„შეტყობინების მიღებისთანავე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოცხადდნენ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლები. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, ვეძისის დასახლებაში, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაჭრის ფაქტი მოხდა. დაჭრილები არიან: 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.

ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები