2 2 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

დაბალი ხარისხის მასალით შესრულებული სამუშაო და მითვისებული 36 300 ლარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს და პასუხისგებაში სამი პირი - ორი კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების წარმომადგენელი მისცეს.

"➡ გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მის მმართველობაში არსებული კომპანიის მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ამასთან გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა და ამით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 300 ლარს.

➡ მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, რომელის მმართველობაში არსებული კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ობიექტზე სამუშაოს შესრულებისას დაბალი ხარისხის მილების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 26 000 ლარს. 

სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ბრალდებით, პასუხისგებაში ასევე მიეცა სამუშაოების დამკვეთი, ქვემო ქართლის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა ევალებოდა. 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3, 180-ე მუხლის მე-3 და 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით,"- ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები