1 7 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„40 დღე-ღამის წინ ასე უცნაურად დასრულდა ომი და მე დავრჩი დანაღმულ ველზე…“

ტელეწამყვანი და მწერალი ეკა ტოგონიძე გარდაცვლი ქმრის რატი სამყურაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

„ძალიან გრძელი 40 დღე-ღამის წინ დამთავრდა ომი. დავრჩი იარაღასხმული, მოჭიმული, მომართული, დაგეშილი და შენს ფარად ქცეული, გაშეშებული. არც კი ვიცი იქ, ზემოთ როდის გამოაცხადეს ეს ომი დამთავრებულად, შეწყვეტილად თუ წაგებულად?! საერთოდ ჩვენ იმთავითვე წაგებულ ბრძოლაში გაგვიწვიეს და ეტყობა, გამარჯვებაც სხვა რამეში უნდა გვეპოვა… ვდგავარ და ვგრძნობ, რომ იარაღები ისევ მომართულია, გადატენილი, მჭიდები სავსეა: ჩამრჩა ულევი ინფორმაცია, ცოდნა, ახალი მეთოდები, წამლები, გეგმები, სასწაულები, მაგალითები, კავშირები, ურთიერთობები, ექიმები, სახელები, გვარები, ტელეფონის ნომრები, იმეილები, ლოცვები, ფსალმუნები, ისევ წამლები, რომელი რომელთან/რამდენი რამდენზე, ზარები, წერილები, თხოვნები, ვედრებები და იმედები. ასხმული მაქვს ეს არტილერია და აგერ უკვე 40 დღეა ვცდილობ ჩამოვიხსნა, უნდა ჩამოვიფრცქვნა, ჩამოვითალო, არადა შემისისხლხორცდა, ვირღვევი თითოეულ ჩამოგლეჯილ ნაწილთან ერთად და ვეღარ ვხვდები, რა რჩება ჩემგან. ომიდან გამოწვეული ჯარისკაცივით ვეღარ ვიგებ, სად წავიღო ჩვევად ქცეული ნადირობა სიკვდილზე, ყოველ დილით ან თუნდაც ღამით ხელახლა დარაზმვა და მის ხახაში შევარდნა, შიშების გამუდმებული მოთვინიერება, მათთვის თვალებში ყურება და მყარად დგომა. სიცოცხლისთვის თითოეული წუთის გამოგლეჯვის სიტკბო. უთვალავი გამარჯვება. შენი სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზს გადაცილებული დღეები და ნაჩუქარი თვეები, ნიშნის მოგებით გაფიქრება, ჰმ, 2020-ს ვერ უნდა შეხვედროდი… მაინც ვაჯობეთ… სადამდე.

ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ერთნი ვიყავით, მაგრამ მთავარი ხარ შენ. შენ იღებდი მთავარ გადაწყვეტილებებს. როდის დაგეთმო, როდის დაგესვენა, როდის მოგეკრიბა არარსებული რესურსი და დადუმებული ენისთვის, რომელიც ისევე ვეღარ ამეტყველდებოდა, როგორც უსულო საგანი, მიგეცა ბოლო ბრძანება, წარმოეთქვა უკანასკნელი სიტყვები, სულ 5 მარცვალი: შე ნი ჭი რი მე. რადგან ასე უნდა მიგემართა შენი შვილისთვის, სხვანაირად არ შეგეძლო. ასე უნდა შეგებებოდი თუთას, რომელიც სულ უფრო იშვიათად გაწუხებდა, იშვიათად იჭყიტებოდა ჩვენს შეცვლილ, რეანიმაციად ქცეულ ოთახში, მაგრამ იცოდა, რომ თუ შემოვიდოდა, უმეტყველო და დაუძლურებული მამა მის დანახვაზე მაინც სასწაულს მოახდენდა და იტყოდა: შენი ჭირიმე!ეს ორი სიტყვა იყო მკაფიო, მტკიცე, შეუცდომელი და ექიმები, რეანიმატოლოგები, ექთნები რჩებოდნენ სახტად. იმეორებდნენ, რომ ეს შეუძლებელია, ენას დამბლა აქვს, ეს შეუძლებელია.

შენ წყვეტდი ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელ ტერიტორიას შელეოდი და რომელი შეგენარჩუნებინა სიცოცხლის ფასად. ტვინის რომელი უბანი არ დაგეთმო და ბოლომდე ყოფილიყავი რატი, ცნობიერების აბსოლუტური სისაღითა და სიწმინდით.

ფეისბუქის ჯგუფებში, სადაც ვწევრიანდებოდი მეტი ინფორმაციის მისაღებად, მსოფლიოს ათასობით მოქალაქე ზუსტად ამ დიაგნოზით იყო გაერთიანებული და ერთ-ერთი სტანდარტული მოთხოვნა იყო, რომ ეს დაავადება (გლიობლასტომა) არ მოგვეხსენიებინა სიტყვით „მონსტრი“, „ურჩხული“ ან რაიმე მსგავსი. თავიდანვე ვისწავლე ეთიკის დაწესებული ნორმები, რომლებიც შენ სულ არ იცოდი, მაგრამ არასდროს მოგსვლია აზრად ჩვენი პირობითი მტრის ასეთი სახელდება. შენ ამბობდი: დავეჯახეთ აისბერგს, ეს სიტყვა გამონახე და, როგორც ყოველთვის, აქაც აღმოჩნდი დახვეწილი და ზუსტი. გლიობლასტომა აისბერგის წვერივით ვიწრო კენწეროთი გვეჩვენა 2018 წლის ივნისში და აისბერგის ძლიერი ძირივით გაფართოვდა დროსთან ერთად, ნელ-ნელა გამოაჩინა თავისი მასშტაბი და უძლეველობა. და მართლაც, ჩვენ მონსტრთან ან ურჩხულთან ერთად არ გვიცხოვრია ეს 22 თვე. ჩვენ ვიცხოვრეთ სიყვარულით და ამაზე მნიშვნელოვანი, არ ვიცი, რა უნდა იყოს.როგორც ვთქვი, მთავარი შენ იყავი. შენ მოიფიქრე, რომ ქიმიას არ უნდა დავუძახოთ ქიმია. ეს სიტყვა გძულდა და ამის მწარე გამოცდილებაც გვქონდა თამროს ამბით. აბა რა დავუძახო-მეთქი, გკითხე შეწუხებულმა, როცა ისევ ქიმია წამომცდა. 1 წამით დაფიქრდი, გაიღიმე და თქვი: ფიზიკა! ასე გახდა ტვინის ყველაზე ვერაგი სიმსივნე „აისბერგი“, ქიმია – „ფიზიკა“, მორფი – „შინდი“, რადგან პატარა ოვალური შინდისფერი აბები მოგვცეს, ვიზუალურად საკმაოდ უწყინარი… სიტყვა რეციდივი ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია, რადგან ეს იყო შემზარავი მუქარა, წაგების დაანონსება, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა და ჩვენ ვთქვით, რომ თავში გამოჩნდა „პატარა საეჭვო ქსოვილი“, რომელიც უმჯობესია ამოიკვეთოს, რომ არ გადაგვარდეს – საფრთხე არ შექმნას… ასე ჩამრთე თამაშში, სადაც მე ავსტრიელი ექიმების ლაპარაკს ვთარგმნიდი ჩვენებურად, ისე, როგორც ჩვენი ბრძოლის წესები მოითხოვდა, ისე, რომ ძალა არ გამოგვცლოდა და მკლავები არ ჩამოგვეყარა, ისევ დაგვენახა აზრი მეორე, შემდეგ მესამე ოპერაციაში, დასხივებაში, წამლებში და შემართების ძრავის საწვავად მეპოვა სწორი სიტყვები, რომ გვეცოცხლა და გვეცხოვრა კიდეც. შენც ვითომ არ გესმოდა, რასაც ექიმები ლაპარაკობდნენ და მათ ნაცვლად მე მიყურებდი, მე, როგორც გამტარს, როგორც ფილტრს, როგორც ფარს, რომელიც შენი თანდასწრებით შიშს არ გაიკარებდა თვალებში, შენთვის იქნებოდა სიმშვიდის საბადო, იმედის საცავი, შენთვის გაიღიმებდა და გითარგმნიდა ყველაფერს დადებითი კუთხით, სიცოცხლის სასარგებლოდ. წიგნები ისე ვწერე, მაინც არ მცოდნია, რა არის სიტყვა. რა ძალა და მნიშვნელობა აქვს სიტყვას, როგორ წამში ეკარგება და ეძლევა აზრი სოცოცხლეს სინონიმებით თუ უბრალოდ უკეთესად შერჩეული სიტყვათა შეთანხმებებით… როგორ კლავს და აცოცხლებს ექიმის პირიდან ამოსული ბგერები. მაშინ გავიგე ეს ყველაფერი და თავი, გული, ენა, ფანტაზია არ დავზოგე, რომ მეპოვა წინადადებათა ის ჯადოსნური წყობანი, რომლითაც მოვქსოვდი უფსკრულებზე გადებულ ბეწვის ხიდებს, მოგაწვდენდი მშობლიურ ენაზე, რომ არ გადავჩეხილიყავით, რომ არ მოგვეკლა თავი წინასწარ. და ჩვენ ონკოლოგის კაბინეტიდან წავიდოდით კაფეში, დავლევდით რძიან ყავას, მე გიკრძალავდი ტკბილეულს, რადგან ამას ექნებოდა აზრი! ბოლოს ერთ უშოკოლადო კრუასანზე შევთანხმდებოდით, ვიცინებდით, სურათებს გადავიღებდით, პატარა გასამხნევებელ ვიდეოებს გავუგზავნიდით ოჯახის წევრებს და მეგობრებს… დაგითანხმებდი, რომ ფეხით გავყოლოდით ვენის, (ჩვენი ცხოვრების ამ ლამაზი ჯოჯოხეთის,) მწვანე ქუჩებს ჩვენი სასტუმროსკენ, სადაც მეგობრები გველოდებოდნენ – ერმანეთისგან სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ასაკისა და შეხედულებების ადამიანები, (იქაური ქართველები) რომლებთანაც საერთო ენის გამონახვის ნიჭით შენ მართლა დაჯილდოებული იყავი და ამ ხალხს დაუჯერებელი სისწრაფით ამეგობრებდი და აერთიანებდი, აყვარებდი ერთმანეთს.

ყველა მათგანს, ყველა ჩვენს იქაურ და აქაურ მეგობარს, ნათესავს, საოცარ ოჯახს და განსაკუთრებით თუთას, იმხელა ჯილდო ეკუთვნის ცხოვრებისგან, რამხელაც სამყაროს ყველაზე დიდ ომში, სიცოცხლისთვის თავდაუზოგავ ბრძოლაში მონაწილე ნამდვილ გმირებს.

მომენტებში ჩვენც ვიჯერებდით ჩვენი ცხოვრების უკეთეს ვერსიებს და მსუბუქად დავაბიჯებდით ერთმანეთის გვერდიგვერდ, ვლაპარაკობდით იქაურ ამინდზე ან იქაური ოპერის შთამბეჭდავ შენობაზე, რომლის მთავარ დარბაზსაც სილამაზით აშკარად აჯობა თბილისის ოპერის დაბრაზმა და შენ ეს ძალიან გიხაროდა…გლიობლასტომის თემაზე შექმნილი fb ჯგუფებიდან მართლა ძალიან ბევრი რამე გავიგე, დღეში ათობით ადამიანის ისტორიას ვკითხულობდი, ვეცნობოდი ცოცხალ მაგალითებს, ახალ წამლებს, კვებით დანამატებს, ალტერნატიულ გზებს, დიეტებს თუ ფიზიოთერაპევტის რჩევებს, ვგულშემატკივრობდი სულ პატარა გოგო-ბიჭებს (ადრე ეს დაავადება ბავშვებს არ ეკარებიდა, ახლა კი გულისმომკვლელია სტატისტიკა) თუ ზრდასრულ ან ხნიერ ადამიანებს, რომელთა ტრაგედიაც ვითომ ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ ყველა ასაკში თავისებურად მძიმე და დაუნდობელი იყო, რომლებიც იმ დღეს იკეთებდნენ MRT-ს (თავის გადაღება) და ვინ, თუ არა ჩვენ, ვიცოდით, რა წარმოუდგენლად უსასრულოა პასუხის მოლოდინის საათები და დღეები, რამხელაა შიში, რა გარდაუვალია სასოწარკვეთა და საერთოდ, როგორ იყოფა ცხოვრება MRT-დან MRT-მდე. ამ ჯგუფებიდან გავიგე, როგორია ბოლო ფაზები, რა ემართებათ პალიატიურ (გადადებულ) პაციენტებს და მაშინ, როცა შენც დამღასავით დაგასვეს ეს სიტყვა, მაშინ როცა რეციდივის ამოკვეთაც და დატოვებაც სიცოცხლისთვის თანაბრად შეუთავსებელი გახდა, მე ზეპირად ვიცოდი, რის მერე რა მოხდებოდა და რა უბედურება გველოდა წინ. ამ ცოდნასთან მარტო აღმოვჩნდი, საბედნიეროდ, შენ ისევ შელამაზებულ ვერსიებს ეჭიდებოდი, ამაში თავად დაავადება გეხმარებოდა, რომელიც გაცლიდა ჩაღრმავების ძალას და ენერგიას, სანაცვლოდ გიძლიერებდა თავდაცვის უნარს და ვენიდან ისე წამოვედით, რომ „ფიზიკის“ ახალი კურსის მერე თითქოს ისევ უკან გველოდნენ დაპატარავებული ან სულაც სასწაულებრივად გამქარლი „საეჭვო ქსოვილის“ გადასამოწმებლად. ეს თამაში ძვირადაც დამიჯდა, მომეჩვენა, რომ ჩამოგართვი სიმართლის ცოდნის უფლება და ბევრად მეტი დაგიშავე, ვიდრე დაგეხმარე. ვიტანჯებოდი, ერთდროულად ბევრი რამით ვიტანჯებოდი და ამ ეჭვებით, ამ კითხვებით კიდევ სხვანაირად მეწვოდა სული. გიყურებდი და აღარ მესმოდა, რაზე ვლაპარაკობდით საუზმეზე თუ ჩემოდნების ჩალაგებისას და შენზე ადრე მე ვკვდებოდი. როგორც არ უნდა ვეცადო, ვერასდროს გადმოვცემ იმ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს და დედამიწაზე უფრო დიდ შიშს, რომელსაც ფერადი ტანსაცმლით, მაკიაჟით და გამოწვრთნილი ღიმილით შეუჩერებლად ვმალავდი, მაგრამ ეს წერილი ჩემზე არ არის. ეს ამბავი შენზეა, ყველაზე დიდ ადამიანზე, ვინც ოდესმე შემხვედრია.

ფსიქიატრი, რომელიც დიაგნოზის პირველივე დღიდან მოგვიჩინეს, აღმოსავლეთ ბერლინიდან იყო და კარგად საუბრობდა რუსულად ანუ მე აღარ მჭირდებოდა თარჯიმნობა და ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთან პირისპირაც მშვიდად გტოვებდი. ამ ბიჭის არ მეშინოდა. ის იყო გამონაკლისი ყველა იქაურ ექიმს შორის, ვინც ბოლომდე აგვყვა თამაშში და მარტივად დათანხმდა ჩვენს წესებს: არანაირი რეციდივი, არავითარი პალიატიური, სიკვდილზე ლაპარაკიც ზედმეტია, ჩვენ გავიმარჯვებთ, მხოლოდ პოზიტივი. იოლად მოერგო ჩვენს კულტურულ თავისებურებებს და ის საშინელი, უმწარესი ფრონტები, რაც მთავარი ომის პარალელურად ავსტრიელ ექიმებთან მქონდა გახსნილი (ჩვენ მას უნდა დაველაპარაკოთ და ვუთხრათ, რომ კვდება, ადამიანმა უნდა მოაგვაროს თავისი საქმეები/საბუთები), ფსიქიატრთან არ დამჭირვებია. ისე აქვე ვიტყვი, რომ მთელი ცხოვრება მეც პირდაპირობის მომხრე ვიყავი, მაგრამ მერე თვითონ ცხოვრება წავიდა სულ სხვანაირად და მასწავლა მოსმენა, საკუთარ შეხედულებების გვერდზე გადადება, იმპროვიზაცია და ჩემი თავის გადაკეთება, პასუხი წარმოუდგენელ გამოწვევებზე.

რატის და ფსიქიატრის ბოლო საუბარი კაფეში უჩემოდ შედგა, აფთიაქში წავედი ფეხით – დღეში ათი კილომეტრის გავლა ჩემი გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. უკანა გზაზე იმ ბიჭს დავურეკე, შეხვედრა უკვე დასრულებული იყო. ხმა ჰქონდა სხვანაირი, დარდიანი. ეს საუბარი ხშირად ჩამესმის, აი, ახლაც ჩამესმის და სიტყვა სიტყვით გადმოვწერ აქ:

ეს არის ყველაზე საოცარი ადამიანი, ვისაც მე შევხვდერივარ. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და მუდამ მემახსოვრება რატი. მან ყველაფერი იცის, ყველაფერს გრძნობს და ყველაფერს აკეთებს, რომ თქვენ, მისი გარშემომყოფები, არ დაგამძიმოთ. ის გაძლევთ საშუალებას იყოთ მის გვერდით იმედით, კარგ განწყობაზე, იცხოვროთ და გაიღიმოთ. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ მას რამეს უმალავთ ან პირდაპირ არ ეუბნებით, ის თვითონ ირჩევს ამ გზას, რომ თქვენ გაგიფრთხილდეთ.

და მაინც, რა იყო ამ ყველაფერში ყველაზე რთული? ტრივიალური ფრაზა, იცხოვრე დღევანდელი დღით, ჩვენს მწარე სინამდვილედ იქცა. ჩვენ დაგვევალა შეუძლებელი: აწმყოში არსებობა, რადგან მომავალი ჩამოგვერთვა. ჩვენ კარგად უნდა ვყოფილიყავით ახლა და აქ ანუ მაშინ და იქ, იმ იმედის და ფიქრის გარეშე, რომ ხვალ უკეთესად ვიქნებოდით. სიგიჟეა. ხვალინდელი დღე შეიძლებოდა საერთოდ აღარ დამდგარიყო და თუ მომდევნო დღე დადგებოდა, დიდი ალბათობით, იქნებოდა წინაზე უარესი. საიდან ამის ძალა? საიდან სიხარული? სიხარული ხომ სიცოცხლის ენერგიაა, თუნდაც ცოტა, თუნდაც მხოლოდ იმ დღის სამყოფი. არ ვიცი საიდან, ისევ რატისგან! ყველაზე და ყველაფერზე ძლიერისგან! მივხვდი, რაში მდგომარეობს ძლიერი ადამიანის მაგია. მას მარტო თავისთვის არ აქვს ეს ძალა. ის ამ ძალას გაძლევს შენც.

უმნიშვნელო მაგალითია, მაგრამ გამახსენდა, ერთხელ რაღაც რთული ტექსტი მქონდა დასაწერი მეორე დღისთვის. არ შემეძლო, არ მყოფნიდა არც ინფორმაცია, არც ძალა, არც შთაგონება და აღარც დრო, რომ უკან წამეღო ჩემი პირობა. ხვალ რომელზე გაქვს ჩაწერა, მკითხა რატიმ საწერ მაგიდაზე ჩამოღვენთილს და ფარ-ხმალ დაყრილს ღამის ორ საათზე. ვუთხარი, რომ 4-ზე. უჰ – წამოიძახა. მთელი 14 საათი გვქონია. სიცილი დაიწყო, და შენ გგონია, რომ 14 საათში ვერ დაწერ მაგ ტექსტს? 14 საათში? შ ე ნ ვერ დაწერ? არ დაიძინა, იქვე იჯდა, სანამ არ დავწერე. გუგლში და წიგნებში ეძებდა ინფორმაციას, მამარაგებდა.

რატის უყვარდა დაბრალება. დამაბრალა, რომ ყველაზე ძლიერი ვარ. იმდენჯერ დამაბრალა, სანამ ამ სიძლიერისთვის საჭირო ყველა თვისება არ დამანახა, დამასწავლა და დამაჯერა. ეს იყო ყველაზე კეთილი ცილისწამება და რატის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება. ადამიანებს სიკარგეს აბრალებდა, ისე ჯიუტად აბრალებდა, ზოგჯერ ვბრაზობდი ამ გულუბრყვილობამდე მისულ რწმენაზე. ადამიანის საზრისის რწმენაზე, იმის რწმენაზე, რომ აბსოლუტურად ყველაში არის ბნელზე დიდი ნათელი მხარე. მაგრამ რატისთან თანაცხოვრებით მე ჩემი თვალით ვნახე მისი საოცარი ძალა ადამიანების მართლა გაკარგებისა!…მე არ მოვყვები, რამდენი დაუყენებია ფეხზე, გაუხარებია, გაუმართავს ხელი, გაუძლიერებია და უჩვენებია სწორი გზა. რადგან ამას ალბათ თქვენ გააკეთებთ და გააკეთებთ დიდ ხანს, რადგან მოსაყოლი ძალიან ბევრია.გამოგვივიდა კარგად ყოფნა?

ჩვენ ბევრჯერ გაგვიღვიძია დილიდანვე დაღლილებს, უმიზეზოდ მოწყენილებს, უმიზნოებს და უსურვილოებს, სიყვარულის ნაცვლად გვქონია ამაოება, მხნეობის ნაცვლად აპათია, თუნდაც იმიტომ, რომ იმ დღეს ქარი მტვერს ატრიალებდა ჰაერში, საზიზღარი ამინდი იყო, ყოფაც – აუტანელი. ეს იყო ადრე, ძალიან ადრე, ამ 22 თვემდე, დიაგნოზამდე, როცა ჩვენ ის მოჟამული ყოფა, აუტანლად მსუბუქი ყოფა იქნებ სამუდამო გვეგონა…რატი ამბობდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდით, უბრალოდ მე არ ვიცოდი, რომ გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებას ნიშნავდა.

რატი ბევრ რამეს ამბობდა ისეთს, რაც მხოლოდ დროსთან ერთად გახდა გასაგები.

არც ურჩხული, არც მონსტრი, არც მტერი, უბრალოდ გლიობლასტომა, მეოთხე ხარისხის უსწრაფესი სიმსივნე იპყრობდა ტვინის უჯრედებს, მცოცავი ოკუპაციასავით იკავებდა სხვადასხვა უბანს, რომელიც პასუხისმგებელია მარჯვენა შემდეგ უკვე მარცხენა კიდურების მოძრაობაზე, ყლაპვაზე, მეტყველებაზე, სუნთქვაზე, არსებობაზე! ჰო, ეს რატის წაგებული უბნებია, მე ვიტყოდი უფრო დათმობილი.

შენ აქაც არჩევანი გააკეთე, აქაც არ უღალატე შენს ერთ-ერთი მთავარ ფასეულობას, თავისუფლებას, არჩევანის თავისუფლებას. ის თემები, რაზეც განზოგადებულად გვილაპარაკია, სინამდვილეში შენს თავში მოხდა და შენ გააკეთე არჩევანი, რისი წაღების უფლება მიგეცა დაუპატიჟებელი სტუმრისთვის და რისი არა. მთელი ის ინფორმაცია, რაც გლიობლასტომის ჯგუფებში ასობით ადამიანებზე წავიკითხე, შენზე არ გავრცელდა. შენ არასდროს დაგითმია ტვინის ის უბნები, რითიც გვიცნობდი და გეყვარებოდით. ამ დაავადების სტადარტული განვითარება, რომ ვეღარ ამოგეცნო ახლობლები, გამხდარიყავი აგრესიული და სიყვარული სიბრაზით ჩანაცვლებულიყო, გამხდარიყავი უგონო და მცენარესავიღ გეარსება, შენ არ დაუშვი. შენ არც ერთხელ არ გაბრაზდი! არავისზე, არც ჩემზე, არც ჩვენზე, არც ცხოვრებაზე, არც ბედზე. შენ ადექი და იმხელა გზა გაიარე ღირსეულად, რამხელაც მოგეცა, ძალიან რთული, ყველაზე რთული გზა, რომელიც ადამიანებს ყველაზე მთავარს, ადამიანობას ართმევს და მათ ამაზე ვერასდროს მოსთხოვ პასუხს. უბრალოდ შენ დაავადებასაც აჯობე და დაიტოვე შენი თავი, გაიმარჯვე იქ, სადაც წაგებას სიკვდილი გერჩივნა. შენ არ დათმე ადამიანის სიცოცხლის მთავარი ორგანოს მთავარი უბანი, სადაც სიყვარული ცხოვრობს.

და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ წავაგეთ? გამარჯვება რაღა ყოფილა?

ასე უცნაურად დასრულდა ომი და მე დავრჩი დანაღმულ ველზე. ნაღმია შენი ყველა ნივთი, ნივთმტკიცებულება რომ იყავი, როგორიც იყავი, ესთეტი, დახვეწილი, სიცოცხლის და სილამაზის მოყვარული, ნაღმია შენი ფოტოები, ვიდეოები, ჩვენი მიმოწერა, ჩვენი ძველი, ფურცელზე დაწერილი წერილები, შენი ძველი კომენტარები ფეისბუქზე, სასტიკი ნაღმია შენს ხასიათზე ზუსტად მორგებული სუნამო, რომელიც დაუნდობლად მიკეტავს სასუნთქ გზებს და ვიხრჩობი, ნაღმია ვენიდან ჩამოტნილი წამალი, რომელსაც ვითვლიდი და ვდარდობდი, თუ გვეყოფოდა (კორონას გამო ფრენებიც გაუქმდა და ვეღარ გამოგვიგზავნიდნენ). ნეტა კი აღარ გვყოფნოდა, დამდგარიყო ის მომენტი, როცა ეს წამალიც გათავდებოდა… გავინძრევი და ვფეთქდები ყოველდღე ნაღმებზე და ხელახლა ვაკოწიწებ ჩემივე დანაწევრებულ თავს, რომ შენი დაბრალებული ძლიერება როგორმე გავამართლო და შენთვისვე შევძლო. შევძლო თუთასთვის“, – წერს ტოგონიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები