2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი, ეცადე შენც….”

ჩამოტვირთვა

„ მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ. შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია…ეს ჩემი ზღაპარია...“ დიახ, ეს ჩარლი ჩაპლინია... ჩაპლინი, რომელიც 1915 წელს შემოიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოიტანა კომედია, ღიმილი და ნუგეში, და ეს იმ დროს, როდესაც სამყარო პირველი მსოფლიო ომის გამო იხლიჩებოდა. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის – მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ჩარლი ჩაპლინი 1889 წლის 16 აპრილს ლონდონში დაიბადა. მისი მშობლები music hall-ის მსახიობები იყვნენ. ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო როცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მალე ჩარლის დედამ ხმა დაკარგა და 1896 წელს იძულებული გახდა, სცენა მიეტოვებინა. 1901 წელს ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა. ამის შემდეგ ძმები ჩარლი და სიდი დედასთან ერთად სამუშაო სახლ ლამბეტაში აღმოჩნდნენ, მოგვიანებით კი ბავშვები ობოლთა თავშესაფარს მიაბარეს. ჩარლიმ სიმღერა თავისი მშობლებისგან ისწავლა. ის სცენაზე პირველად 1894 წელს 5 წლის ასაკში ავიდა. 14 წლის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი” 1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა, როდესაც ის Fred Karno-ს დასში როლს იღებს, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება Mack Sennett, ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში Keystone Film-ში გადასაღებად…ჩარლის პირველი ფილმი იყო Making a Living.. მალევე ჩარლი თავს ანებებს Keystone Film-ს და გადადის Essanay Studios-ში. პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც 1940 წლის 15 ოქტომბერს შედგა… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ნამუშევარია, სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა … 1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც 1992 წელს შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი “Chaplin”. ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 65-წლიან პერიოდს, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრობა ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. მან ერთმანეთზე მიყოლებით სამი ცოლი გამოიცვალა, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, თუმცა სულ სხვა იყო უნა ო’ნილი. ლამაზი ამერიკელი ქალიშვილი ყველას მოწონებასა და ყურადღებას იმსახურებდა, მას ეტრფოდა მწერალი ჯერომ სელინჯერიც, რომელმაც უნას არაერთი მოთხრობა მიუძღვნა, მაგრამ გოგონა გულის კარს არავის უღებდა. ჩარლი და უნა ერთმანეთს როლის განხილვაზე შეხვდნენ, მაგრამ გოგონამ ის ვერ იცნო. არც იყო გასაკვირი. მუდამ მაწანწალად გადაცმული მსახიობის მიღმა ძნელი ამოსაცნობი იყო სიმპათიური ცისფერთვალება მამაკაცი. მოგვიანებით უნა აღფრთოვანებული უამბობდა მეგობარ გოგონას, სახელგანთქმული ჩარლი ჩაპლინი გავიცანი, რომელსაც შავი კი არა, ულამაზესი ლურჯი თვალები ჰქონიაო. ჩარლი კი გააოცა უნას სინორჩემ, სილამაზემ, განათლებამ და ხასიათის სიმტკიცემ. იგი წერდა: "რაც მეტად ვეცნობოდი, მით უფრო მომწონდა მისი მოთმინება, იუმორი, სხვისი აზრის პატივისცემა. ისე შემიყვარდა, როგორც პატარა ბიჭს შეუძლია თავდავიწყებით შეყვარება, მაგრამ მეშინოდა იმ ასაკობრივი სხვაობის, ჩვენ შორის რომ იყო. მამამისი ხომ სულ ერთი წლით გახლდათ ჩემზე უფროსი. ეს შიში თავად უნამ დამაძლევინა. მან კარგად იცოდა, რა უნდოდა…და ჩვენ გადავწყვიტეთ ფილმის დასრულებისთანავე დავქორწინებულიყავით". მხოლოდ უნასთან იგრძნო ჩარლიმ ცხოვრების სიტკბო და ხალისი. დარწმუნდა, რომ მარადიული სიყვარული ამქვეყნად ნამდვილად არსებობს, უბრალოდ, ადამიანები ხშირად თავიანთ "მეორე ნახევარს" ვერ პოულობენ და ამიტომაც იცვლიან "რჩეულებს". მას კი, სერ ჩაპლინს, შუახნის ასაკში ერგო ბედნიერება, შეხვედროდა ცხოვრების თანამგზავრს, მეუღლესა და ნამდვილ მეგობარს...ცინიკოსთა და მოსეირეთა გულის გასახეთქად ჩარლიმ და უნამ მრავალი წელი ერთად იცხოვრეს. უნამ ჩაპლინს 8 შვილი აჩუქა, სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. სწორედ მათ შორის იყო იმ გახმაურებული წერილის ადრესატი ჯერალდინა - ჩაპლინის უფროსი ქალიშვილი. ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე _ იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც. გკოცნი, ჯერალდინა... ეს იყო მამის მიერ ჯერალდინასათვის დანატოვარი უკანასკნელი წერილი, წერილი რომელიც მსოფლიოს დღემდე ატირებს. გენიალური კომიკოსი 1977 წლის 25 დეკემბერს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მისი ბოლო სიტყვები იყო: „ამ ქვეყნიდან ბედნიერი მივდივარ, რადგან ვაკეთე საყვარელი საქმე და ვიცხოვრე იმ ქალთან, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდაო.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები