0 0 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სექტემბერში, პირველად მიმდინარე წელს, დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ თვიურ ჭრილში. წლიურმა ინფლაციამ ჯერ კიდევ მაღალი - 12.3% შეადგინა, თვე-თვეზე სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული ინფლაცია კი უარყოფითი 2.5%-ით განისაზღვრა. მოლოდინების შესაბამისად, მაღალი სასაქონლო ფასებისა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიუხედავად, ლარის კურსმა მცირედი დროითი ჩამორჩენით ფასების ზრდა შეაჩერა.

 

სამომავლოდ, გაზის საერთაშორისო ფასის რეკორდული ზრდა, ასევე ხორბლისა და კვერცხის ფასების მატება მეტი ინფალციური ზეწოლის არგუმენტებია, ისევე როგორც, დიფუზიის ჯერ კიდევ მზარდი ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს და წარსულში ხშირად დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციასთან ერთად, მოლოდინებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

 

საქართველოში გაზის ტარიფები ისტორიულად უფრო მეტად ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, ვიდრე გაზის საერთაშორისო ღირებულებაზე. შესაბამისად, ამ მხრივ, მხოლოდ შედარებით მცირე ზრდაა სავარაუდო. ასევე, აგვისტოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვეებთან შედარებით, მხოლოდ მცირედით გაიზარდა, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზების არგუმენტია, რადგან ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინმსწრები ინდიკატორის როლს ასრულებს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციური ზეწოლა არ აღინიშნება სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში გამოხატულ დანახარჯებში. რაც მთავარია, თიბისი კაპიტალი კვლავ დებს ფსონს ლარის კურსის მეტნაკლებ სტაბილურობაზე.

 

მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხორბლის ფასის ზრდა თიბისი კაპიტალის პროგნოზში უკვე ჩადებული იყო, წინა პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ლარის კურსის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში, წელს სტაბილურობისა და მომდევნო წელს მცირედი გამყარების, ბრენტის მარკის ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასების დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნებისა და 2021-2022 წლებში მშპ-ის 10.5 და 6.0 პროცენტიანი ზრდის დაშვებით, თიბისი კაპიტალის პროგნოზი წელს - 13.8%, მომდევნო წელს კი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალ ინფლაციაა.

 

ლარის განაკვეთების მხრივ, მიუხეადავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და დეკემბერში საბაზო ეფექტის გამო მისი შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი, თიბისი კაპიტალის აზრით, სექტემბრის ინფლაციის დინამიკა, სავალუტო შემოდინებების აღდგენასთან ერთად, დამატებით აძლიერებს არგუმენტებს, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არაა მოსალოდნელი და შერბილება მომდევნო წლიდან დაიწყება.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 11 ოქტომბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:

https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_11-10-2021-GEO.pdf

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები