ბიზნესი
საქართველოს ბანკმა დიზაინსისტემა შექმნა
2020-12-10 10:59:56
9 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკმა, პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით, დიზაინსისტემა შექმნა.
დიზაინსისტემა არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.
დიზაინსისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს, დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მეტი ახალი პროდუქტი შევქმათ ნაკლებ დროში. მომხმარებლებისთვის დიზაინსისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას შექმნის ციფრულ არხებში, რაც გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტურს გახდის.
დიზაინსისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობებების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნეს ამოცანის მიღწევაზე.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პროცესების, სერვისებისა თუ პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით წამყვანი კომპანია იყოს, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესების შეუწყობს ხელს. დიზაინსისტემის დანერგვის მიზანია ტექნოლოგიებით, დიზაინით და ზოგადად ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისა და ფინტექ კომპანიებისთვის ეფექტური სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ამით ჩვენ მათ შესაძლებლობას მივცემთ, საქართველო ბანკის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, მიიღონ რეალური გამოცდილება დიზაინის პროცესებისა და ზოგადად ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარების შესახებ“,- განაცხადა ვახტანგ ბობოხიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
კომენტარები