1 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის  პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებს კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. 

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საარჩევნო უბნებზე წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 970 540 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.11 %-ია. 

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 63.8 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 51 %. 

დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში 08:00 საათიდან 20:00 საათამდე შემოვიდა 3 881 სატელეფონო ზარი და 574 ონლაინ შეტყობინება. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა. 

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ. 

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. კერძოდ, წილისყრით გამოვლინდნენ ბიულეტენების მთვლელები, კომისიის წევრები ითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, ხდება გარკვეული  სახის დოკუმენტაციის დალუქვა, ამის შემდეგ იწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა. 

„შეგახსენებთ, რომ სხვადსხვა ოლქში სხვადასხვა რაოდენობის ბიულეტენია. მაგალითად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ითვლიან 2-2 ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნები, 3-3 ბიულეტენს იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ტარდებოდა საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები, ხოლო 4-4 ბიულეტენს - აჭარის რეგიონში, ვინაიდან აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, გაიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების დასათვლელად და შემაჯამებელი ოქმების შესადგენად განსხვავებული დრო დასჭირდებათ. 

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით მედია წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.  

პრეს-სპიკერის თქმით, მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს. 

ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. 

ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები