საზოგადოება
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს - ლევან რატიანი
2020-08-25 12:30:26
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მხრივ. ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.
სამივე მათგანთან ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას რეფლექსი და გუგის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერვოლოგიური სტატუსის მხრივ, დადებითი დინამიკაა, თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია.
უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის - 100%-ზე და შემცირდა ჟანგბადის მიწოდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დადებით დინამიკად ჩაითვალოს. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია.
სამივესთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე სამივე მათგანთან აღდგენილია შარდის წამოსვლა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დადებით დინამიკას. ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე პაციენტი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება“,-განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
კომენტარები