0 6 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვინ არის უკეთესი – პელე თუ მარადონა. შეხედეთ ფაქტებს და თავად უპასუხეთ...“

ჩამოტვირთვა

მშობლებმა ედსონი მას ცნობილი გამომგონებლის ტომას ედისონის პატივსაცემად დაარქვეს. დაიბადა 1940 წლის 21 ოქტომბერს ბრაზილიურ ქალაქ ტრეშ კორაკეშში. იყო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი. დიახ. ეს ედსონ არანტეს დო ნასიმენტო ან, უბრალოდ, პელეა, ადამიანი, რომლის სახელი მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. კარიერის განმავლობაში გატანილი აქვს 1283გოლი. აქედან 77 ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში. სამგზის მსოფლიო ჩემპიონია, ორჯერ აქვს მოგებული საკონტინენტთაშორისო თასი და ცხრაჯერ ბრაზილიის შტატ სან პაულუს ჩემპიონატი. პირველი პროფესიული კონტრაქტი პელემ კლუბ “სანტოსთან” 15 წლის ასაკში გააფორმა. 1956 წლის 7 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი “სანტოსის” შემადგენლობაში. 1995-დან 1998 წლამდე პელე ბრაზილიის სპორტის მინისტრად მუშაობდა. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკუნის ათლეტად დაასახელა. 1997 წელს პელეს ბრიტანელებმა რაინდის წოდება მიანიჭეს. 1969 წლის 19 ნოემბერს პელემ კარიერის მეათასე გოლი გაიტანა. სტადიონზე ასობით გულშემატკივარი შევარდა და თამაში დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა. ”სანტოსში” 19 ნოემბერი “პელეს დღედ” ითვლება. ამ თარიღს კლუბის გულშემატიკვარი ყოველთვის აღნიშნავს. მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირებს შორის პელე მეხუთე ადგილზეა. ფეხბურთის მეფეს მუნდიალის ფინალურ ეტაპებზე 12 გოლი აქვს გატანილი და ბრაზილიელი ფეხბურთელებიდან მხოლოდ რონალდოს ჩამორჩება. 1967 წელს ნიგერიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი 48 საათით შეწყდა, რათა დაპირისპირებულ მხარეებს ნიგერიაში ვიზიტად ჩასული პელეს თამაში ენახათ. 2006 წელს პელემ თქვა: “20 წელია მეკითხებიან, ვინ არის უკეთესი – პელე თუ მარადონა. შეხედეთ ფაქტებს და თავად უპასუხეთ ამ კითხვას. რამდენი გოლი გაიტანა დიეგომ თავით და მარჯვენა ფეხით.” როდესაც პელე ამერიკული “კოსმოსის” ღირსებას იცავდა, იყო შემთხვევები, როცა მას თამაშზე 20-25 მაისურის გამოცვლა უწევდა, რადგან მეტოქე გუნდის ყველა ფეხბურთელს სურდა პელესთან მაისურის გაცვლა. პელემ მილიონები დახარჯა ქველმოქმედებაზე, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში. ინგლისელმა საფეხბურთო რეპორტიორმა გოფრი გრინმა დაწერა: “დი სტეფანო დედამიწაზეა გაკეთებული, პელე კი – ზეცაში”. 2010 წლის 1 აგვისტოს პელე “კოსმოსის” საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. პელემ თქვა: “პენალტი ზარმაცების გოლიაო”. ფეხბურთის მეფემ მარადონას შესახებ თქვა: “ის ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის”, რაზეც დიეგომ უპასუხა: “ვის აინტერესებს, რას ამბობს პელე. მისი ადგილი მუზეუმშიაო”. 2000 წელს BBC-მ, საუკუნის სპორტსმენის დასახელებისას, პელე მეორე ადგილზე გაიყვანა. ფეხბურთის მეფე მხოლოდ მუჰამედ ალის ჩამორჩა. ბრაზილიის მთავრობამ ის ოფიციალურად აღიარა ქვეყნის საგანძურად, რათა სხვა ქვეყანაში მისი ტრანსფერისთვის შეეშალა ხელი. პელე ერთადერთია ფეხბურთის ისტორიაში, ვისაც, როგორც ფეხბურთელს, სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი. 1964 წლის 24 ნოემბერს “სანტოსმა” “ბოტაფოგო” ანგარიშით 11:0 დაამარცხა. ამ ისტორიულ მატჩში პელემ 8 გოლი გაიტანა. პელე ოფიციალურად 1976 წელს დაემშვიდობა ფეხბურთს. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მისი უკანასკნელი მატჩი კი იყო ბრაზილია-იუგოსლავიის თამაში, რომელიც 1971 წლის 8 ივლისს გაიმართა და ფრედ – 2:2 დასრულდა. როდესაც პელემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, გაეროში ბრაზილიის ელჩმა ჯე ბი პინეირომ განაცხადა: “პელე 22 წლის განმავლობაში თამაშობდა ფეხბურთს და მან გაცილებით მეტი გააკეთა მსოფლიოში მეგობრობისა და ურთიერთგაგების დასამყარებლად, ვიდრე ნებისმიერმა ელჩმაო”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები