საზოგადოება
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ მის დამკვირვებელზე თავდამსხმელები
2020-09-30 12:23:00
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ პირები, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს მარნეულში თავს დაესხნენ.
გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.
გიორგი მუმლაძემ უკვე მისცა ჩვენება ადგილობრივ სამართალდამცველებს, მის მიერ დასახელებული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მოვითხოვთ, უსწრაფესად დაისაჯონ ისინი და მიეცენ პასუხისგებაში.
ასევე, ვგმობთ მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ოპოზიციური პარტიის და მედიის წარმომადგენლების მიმართ. „მარნეულში და ბოლნისში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს. ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაფიქსირდა არაერთი სამართალდარღვევის ფაქტი. აღნიშნულის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა რამდენჯერმე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და მოითხოვა დამკვირვებლების სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც ადგილზე ჩავლენ და განახორციელებენ სადამკვირვებლო მისიას.
მომხდარი ძალადობის ფაქტებიდან გამომდინარე შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩაატარებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და უსწრაფესად დასაჯოს ჩვენს დამკვირვებელზე, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდამსხმელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ძალადობის წახალისება და საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო დაიძაბება.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.
კომენტარები