მსოფლიო
ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს - ბადრი ჯაფარიძე
2020-09-11 18:05:29
“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში განიხილა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტი აშშ-სა და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რაც ნათლად დასტურდება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით.
“ლელოს” გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, თუმცა ანაკლიის პროექტი გააჩერეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს.
“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიპლომატიური ენით არის გადმოცემული ის გარემოება, რომელიც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს: შერჩევითი სამართალი, მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება და პროპორციული დავების არასწორად წარმართვა. რაც მთავარია, ანგარიშში ნათქვამია და გარკვევით წერია ხელისუფლების მიერ ანაკლიის განვითარებისთვის შეწყვეტილი პროექტის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათი შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. თუ კარგად გაეცნობით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, იქ პირდაპირ ჩანს ის პრობლემები, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით. ქვეყნიდან დღეს ინვესტიციები გაედინება და ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ პროექტების განვითარებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩემს ქვეყანას,” - აცხადებს ჯაფარიძე და იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ ანაკლიის პროექტის შეჩერება პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საქართველომ ვერ შეასრულა რეგიონში მისი ფუნქცია. "ლელო საქართველოსთვის" მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის კარიბჭე. ეს შესაძლებლობა ქართულმა ოცნებამ საქართველოს წაართვა.”- აღნიშნა ჯაფარიძემ.
კომენტარები