საზოგადოება
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცესკოს მიერ პროტოკოლის მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს ადგენს
2020-09-02 15:53:09
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ პროტოკოლის მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს ადგენს.
როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საარჩევნო კომისიებში შესვლა-გასვლისას და გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დადგინდა, დროულია.
„შესაბამისი პროტოკოლის შემუშავებას და გამოქვეყნებას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ დიდი ხანია ითხოვს და ელოდება. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ. ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით რეგულირდება ყველა ის საკითხი რაზეც ჩვენ ბრიფინგზე ვისაუბრეთ.“- განაცხადა ფარულავამ.
მისივე თქმით, ცესკოს ახალი დადგენილების მოთხოვნები არის გონივრული და ხელს შეუწყობს საარჩევნო სუბიექტებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან განსაზღვრული წესები.
„ასევე მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა უშუალოდ კენჭისყრის დღის პროტოკოლის შემუშავებაზე, ვინაიდან მიღებული დადგენილება არჩევნების დღეზე არ ვრცელდება.“- აღნიშნა ფარულავამ.
ცესკოსგან პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროტოკოლის დროული გამოქვეყნება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა გუშინ გამართულ ბრიფინგზე მოითხოვა. გუშინდელით თარიღდება დადგენილება N24/2020, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო და საარჩევნო კომისიების კუთვნილი ან/და საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებს ადგენს.
კომენტარები