მსოფლიო
ბათუმში საკონდიტრო მაღაზია “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-01 12:46:09
ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 35 წლამდე ასაკის ქალი ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საკონდიტრო “დონას” თანამშრომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მაღაზიის სხვა თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც საკონდიტროსთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეხება, უფასო ტესტირების კარვებში გამოკვლევები ჩაიტარონ.
საკონდიტროს ის ფილიალი, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, დაკეტილია. დონას მენეჯერის, თამილა ბეჟანიძის განცხადებით, ფილიალის 70-მდე თანამშრომელია იზოლაციის რეჟიმშია.
მისივე განცხადებით, ინფიცირებული ქალი 5 დღის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ცხელების ცენტრს მიმართა.
“27 აგვისტოდან თანამშრომელი სამსახურში არ ყოფილა. თანამშრომლების ნახევარს ჩაუტარდათ გუშინ ტესტირება, ნახევარს უტარდება ამ წუთას და ყველა გადადის თვითიზოლაციის რეჟიმში”, – ამბობს საკონდიტროს მენეჯერი.
საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 1510-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1253-მდე გაიზარდა.
კომენტარები