მსოფლიო
საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი - დავით უსუფაშვილი
2020-07-28 15:47:17
აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბრს „ლელოს“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ეხმაურება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეოსთან საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ეხებოდა. პომპეომ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამერიკა კვლავ რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად, თუმცა პომპეოს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩაატაროს.
„კარგი ამბავი ისაა, რომ ამერიკა რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად და პომპეოს განცხადებაც ამას ნიშნავს. ცუდი ამბავი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო დამოუკიდებელი და პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება, იგი უნდა დაუტოვოს ხალხს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ეს იყო ამ საუბრის პოლიტიკური დატვირთვა და მიზეზი. ჩვენ ვნახეთ აშშ-ს კონგრესმენის მკაფიო მითითება საკუთარი მთავრობისადმი , რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სწორედ სახელმწიფო მდივან პომპეოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იმ ტიპის თვალთმაქცობები, რასაც ქართველი ხალხი ძალიან კარგად ვხედავთ, გარედანაც ხედავენ. ამიტომ საჭიროა სიტყვისა და სტანდარტის ერთგულება, რითაც საქართველომ უნდა დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო დემოკრატიულ სისტემაში. სწორედ ამაზე გადის ჩვენი კეთილდღეობის, სიღარიბის დაძლევისა და იმ პრობლემის მოგვარების გზა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კომენტარები