1 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„წუხელ სასაფლაოზე გავედი და მამაჩემი აღარ დამხვდა…“ – გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამონარდს წიგნიდან, რომელსაც კვირიკეთის სასაფლაოზე მცხოვრებ ყველა ნაცნობს თუ უცნობ ადამიანს უძღვნის. 

კეკელიძის სტატუსში ვკითხულობთ ისტორიას, სადაც მამის და მისი მეგობრების შესახებ წერს.

„წუხელ, ასე საღამოს ცხრის ნახევარზე ან შეიძლება ცხრაზეც, სასაფლაოზე გავედი და მამაჩემი აღარ დამხვდა.

დომინოს თამაშობს – მითხრა გენადი მახარაძემ – ახალი წასულია და მაი არ მუა კაი ხანი.

გენადი შარშან გარდაიცვალა. მის შვილიშვილს, 5 + 2 – რომ ეგონა უდრიდა, იმ რიცხვივით ცხვირი ჰქონდა გენადის.

„სათვალე სად გაქვს?” – ვკითხე მე.

„საცხა დავკარგე აქანე” – მითხრა გენადიმ მორცხვად.

„მაი სულ კარგავდა ყოლიფერს” – გამომძახა მავრამ. მავრა ცქვიტინიძე, მის შვილიშვილს, 8 – 6 – რომ ეგონა უდრიდა, იმ რიცხვივით გამხდარი ქალი იყო. უხაროდა კიდეც ეს სიგამხდრე – ჩიტივით დავფრინავ სახლიდან ფაბრიკამდეო. ოზურგეთში, როგორც მახსოვს, უმეტესი ფაბრიკა ჩაის გახლდათ, ერთის გარდა. ამიტომაც, ჩვენ გვეგონა, რომ ფაბრიკა ცალკე არ წარმოითქმოდა, არამედ მხოლოდ ასე – „ჩაისფაბრიკა”. შესაბამისად იმ ერთსაც ამგვარად ეწოდებოდა – „აბრეშუმის ჩაისფაბრიკა”. ამ ფაბრიკაში მუშაობდა მავრა. ოთხმოცს რომ გადაცდა, გასუქება მოინდომა – ასე თუ მოვკვდი, კუბოში არ გამოვჩნდებიო, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც მავრას ქვევიდან ბალიშები ამოუდეს და ისე მიასვენებდნენ. ეს ბალიშები დაახვედრა გენადის. ღამ-ღამობით, თავქვეშ ამოიდებდნენ და კვირიკეთის ცის ვარსკვლავებს უყურებდნენ. კვირიკეთის სასაფლაოს ცაზე სხვანაირი ვარსკვლავებია. მათი შუქი მილიონობით წლის წინ არ არის წამოსული. მილიონობით კი არა, თუ ამ ვარსკვლავების საფასური არ გადაიხადე, მთვრალი ზაურიე ელექტრიკოსი ადის და შენს წილ ვარსკვლავს დაუნდობლად თიშავს სოჩიკიდან.

კაი, წავალ, მოვძებნი – ვუთხარი გენადის.

მამაჩემი, კაშუტიჩი და კოლია კიღურაძე კოლიას პატარა სასაფლაოზე ისხდნენ და ფურთს თამაშობდნენ. სამ კაცში ფურთი ძნელია, მაგრამ ამაზე უფრო ის გამიკვირდა, რატომ ეგონა გენადის მამაჩემი დომინოს სათამაშოდ წასული. დომინო ხომ მარტო გენადის ჰქონდა და რომ რამე, მისგან უნდა გეთხოვა.

„მეიხადე ბიჯო მაი ქუდი, სასაფლაოზე რაღათ გინდა?” – გაიკრიჭა კაშუტიჩი. კაშუტიჩი გიჟი იყო, მაგრამ ახლა გიჟის გარდა ყველაფერს ჰგავდა, კარგად გაპარსული, პიჯაკით და გაპრალებული ტუფლებით, კოლიას სურათი სადაც იყო ბუნდოვანი ფერის მარმარილოზე, იქ იჯდა და კარტს არიგებდა.

„დამირიგე მაი კარტი” – ვუპასუხე მე.

„როის ჩამოი?” – მორცხვად მკითხა მამაჩემმა.

„დღეს” – ვუთხარი მე და ჩუმად ერთი კოლოფი სიგარეტი გავუცურე. მამაჩემი ჩუმად ეწეოდა. როცა ნერვიულობდა მაშინ. გაჭირვების დროს თავი დაანება. მერე დედაჩემიც უშლიდა და ახლა, როცა სასაფლაოზე მივდივარ, ამაქვს ხოლმე. იქ ვის უმალავს არ ვიცი, მაგრამ იქაც ჩუმად ვაძლევ.

-ვინაა აი ბაღანა? – იკითხა კოლიამ.

-ჩემია! – თქვა მამაჩემმა ამაყად.

-როის დეიბადა კი მარა?

-შენ რომ მოკტი, მეოთხე წელს მაგის მერე.

-ააა!

ამის მეტი არაფერი უთქვამთ. არც მე. უბრალოდ, დილამდე, ფურთს ვთამაშობდით. ახლა დავბრუნდი. კიდევ წავალ და დანარჩენს მერე მოგიყვებით,“- წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები