0 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ხელისუფლებამ უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება! – მელია

“რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.

ვინ არის ლევან მურუსიძე და რა რეპუტაციითა და ავტორიტეტითაც სარგებლობს, ყველამ ვიცით და გამეორებით თავს არც შეგაწყენთ, უბრალოდ, სასამართლო სისტემამ და ამ ხელისუფლებამ მისი არჩევით ღიად განაცხადა უარი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, სისტემის რეფორმირებაზე.

ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას შეეძლოთ წამოეყენებინათ ვინმე ნაკლებად ცნობილი მურუსიძის კანდიდატურა და ის აერჩიათ, მაგრამ მათ ღიად, უტიფრად და თავხედურად სწორედ მურუსიძე აირჩიეს. მათ გამოიწვიეს საზოგადოება, დასავლეთი.

ლევან მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, მაგრამ ეს არჩევა ნიშნავს იმას, რომ ახლა უკვე ისინი მოსამართლეებად უფრო მარტივად დანიშნავენ თავისნაირებს – მურუსიძის იუსტიციის საბჭოში არჩევა ნიშნავს ასობით მურუსიძეს სასამართლო სისტემაში!

სასამართლო საბოლოდ ჩამოყალიბდა როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული, კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას.

სოსო გოგაშვილი, რომელიც გახლდათ ამ ხელისუფლების საყრდენი ბურჯი წლების განმავლობაში, სწორედ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ასახელებს პირადად ივანიშვილთან გარიგებულ მოსამართლეებად, რომელთანაც სუს-ი მუდმივ კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო „ოცნების სასარგებლოდ“ დავების გადასაწყვეტად, მათ უნდა შეესრულებინათ, ნებისმიერი დავალება, რომელიც პარტიიდან მივიდოდა, საჭიროების შემთხვევაში კი სუს-ი მათ გადასცემდა ოპერატიულ მასალას, მოსამართლეების შესახებ- ცხადია ზეწოლის განხორციელების მიზნით.

როგორც უკვე ვთქვი ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას – უარს ამბობს იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის ევროკომისიის 12 პუნქტში.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო სანამ რეალური რეფორმა არ ჩატარდებოდა; 12 პუნქტში კი გარკვევით წერია, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა.

აბსოლუტურად ყველა ელჩი მოუწოდებდა ხელისუფლებას შეჩერებულიყო საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნა, რეფორმების ჩატარებამდე და რით უპასუხა რუსულმა ოცნებამ დასავლეთს?

2021 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომ საბჭოს ყოფილი წევრების ხელახალი არჩევა ყოფილიყო შესაძლებელი.

2022 წელს კი, ევროკავშირის რეკომენდაციების მიღებიდან 10 დღეში, ხელისუფლება ხელმეორედ ირჩევს ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით.

ამ ყველაფრის პარალელურად, ოლიგარქის სასამართლო კვლავ წარმატებით ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და მიხეილ სააკაშვილის დატყვევების შემდეგ, უკვე ნიკა გვარამიას ატყვევებენ.

მთელი დასავლეთი საუბრობს ჩვენს სასამართლოში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსული ოცნება აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რეფორმირებას არ საჭიროებს.

გუშინ მომხდარი ფაქტი ცხადყოფს, რომ ეს ხელისუფლება პრინციპულად არ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. მეტიც, მათი ქმედებებიდან ცალსახად იკვეთება რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორედ იმისთვის, რომ ახდეს რუსული ოცნება და საქართველო არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ევროპული მისწრაფების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და აქ გასაგები მიზეზების გამო მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტენა, რომ საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ მთლიანად ყალბი პროცესის საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა და პარტნიორებისგან ამავე პროცესში ოპოზიციის სავალდებულო ჩართულობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცხადდეს პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლებამ უკვე უარი თქვა რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც უნდა მოჰყვეს სათანადო რეაგირება”,- აღნიშნა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები