2 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომიკოსი, რომლის იუმორმაც დროს გაუძლო

ჩამოტვირთვა

მსახიობობა გვიან დაიწყო. მიხვდა, რომ ეს საქმე მისი იყო და ბოლომდე უნდა გაყოლოდა. 1907 წლის 27 დეკემბერს სამტრედიაში დაიბადა. 1925 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ჩააბარა. პარალელურად, თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სანდრო ჟორჟოლიანის მსგავსად, ფილოლოგად მუშაობდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს სფერო არ იტაცებდა. 1928 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით, კინოშიც სცადა ბედი და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მაყურებელმა ეს ადამიანი ძალიან შეიყვარა. მის მიერ განსახიერებული როლები კი დღემდე დაუვიწყარია. დიახ, ეს აკაკი კვანტალიანი. “უდიპლომო სასიძო”, “აბეზარა”, “პიერი, მილიციის თანამშრომელი”, “ჩვენი ეზო”, “მაია წყნეთელი”, “გიორგობისთვე”, – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც აკაკის უთამაშია და დაუვიწყარი სახეები შეუქმნია. კიდევ იყო ვაჭარი “მაგდანას ლურჯადან”. ეს როლი თავად აკაკის არ უყვარდა, ძალიან განიცდიდა, რომ ბოროტ გმირს ასახიერებდა და ქვრივ-ობოლს მარჩენალს ართმევდა. ბუნებით კეთილს, გულქვა ადამიანის თამაში უჭირდა. საოცარი კომიკოსი იყო. ყველასათვის საყვარელ ფილმში, “უდიპლომო სასიძო”, უკმაყოფილო სიმამრის როლი ბრწყინვალედ შეასრულა. დრო ადრინდელ კომიკურ სიტუაციასა და ეპიზოდს ხშირად ანელებს – რაც ადრე სასაცილო იყო, ათეული წლის შემდეგ იმდენად კომიკურად აღარ გვეჩვენება, მაგრამ კვანტალიანის უბადლო შესრულებამ დროს გაუძლო და მაყურებელი დღესაც გულიანად იცინის. ისეთი კეთილი ადამიანი იყო, მასზე ლეგენდები დადიოდა. პარტიული მუშაკები პატივს სცემდნენ, მაგრამ ხშირად ემალებოდნენ და გაურბოდნენ, რადგან იცოდნენ, ცენტრალურ კომიტეტში აკაკი კვანტალიანი ტყუილად არ მივიდოდა, მას თავისთვის კი არა, სხვისთვის უნდა ეთხოვა რამე. სხვების დახმარება ძალიან უყვარდა, მაგრამ სანაცვლოდ რაიმეს მიღება ძალიან აღიზიანებდა. მისთვის გულით ნათქვამი მადლიერი სიტყვები ათას საჩუქარზე მეტი იყო ყოველთვის. ერთხელ თბილისში ვიღაცას ჩაწერაზე დახმარებია. სამაგიეროდ ფერადი ტელევიზორი მიართვეს, მაგრამ აკაკი ისე გაბრაზდა, ის კაცი თავის ტელევიზორიანად კიბეზე დააგორა. ლხინი, ქორწილი და თამადობა ძალიან უყვარდა. თუნდაც მძინარე გაეღვიძებინათ, რაც უნდა დაღლილი ყოფილიყო, მაშინვე გაიქცეოდა იქ, სადაც ელოდნენ. ჰყავდა ცოლ-შვილი, რომლებითაც ყოველთვის ამაყობდა… და ჰყავდა და, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მას. ერთხელ, მსახიობები მოსალხენად შეიკრიბნენ. აკაკი ვასო გოძიაშვილის გვერდით იჯდა. გადაწყვიტა, ვასოს გახუმრებოდა და უთხრა: ცოტა ხანს გავალ და 5 წუთში შემოგიერთდებითო. კვანტალიანი ცოტა ხნით მართლაც გავიდა და უკან აკაკის ტანსაცმელში გამოწყობილი თავისი და დაბრუნდა. ერთი საათის განმავლობაში გოძიაშვილი ვერაფერს მიხვდა, ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ გვერდით აკაკის ნაცვლად, მისი და ეჯდა. მოგვიანებით, კარი გაიღო დ ოთახში უკვე აკაკი კვანტალიანი შემოვიდა. ვასო გოძიაშვილის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. აკაკი კვანტალიანს დამსახურებულად ერგო საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. იგი მართლაც სახალხო იყო, ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა… აკაკი კვანტალიანი 1967 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები