ბიზნესი
თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია
2025-03-27 10:08:03
2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა.
თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.
GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალების ახალი თაობის და ეროვნული ნაკრების შესარჩევი შიდა ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი შექმნა. კურსი კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით და ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრების ჩართულობით შეიქმნა და უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. საოლიმპიადო კურსს ლაივ ფორმატში, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად შერჩეული 40-მდე მოსწავლე გადის.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო მასალებზე წვდომა - ლექციები, დავალებები, დისქორდის სივრცე ღიად ხელმისაწვდომია და კურსის გავლა დამოუკიდებლად მთელ საქართველოში AI-თი დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას სრულიად უფასოდ შეუძლია GAIA-ს გვერდზე https://www.aiassociation.ge/ai-olympiad
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) 2024 წლიდან ტარდება და მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პრესტიჟული ნაწილია. ოლიმპიადა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ, გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიმართულებებით და ახლებურად გადაწყვიტონ პრობლემები. 2025 წელს ოლიმპიადა 2-9 აგვისტოს პეკინში გაიმართება. წელს ოლიმპიადაში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პირველად საქართველოც. საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდი მაისში, შიდა ოლიმპიადის საფუძველზე, IX-XII კლასების მოსწავლეებს შორის შეირჩევა.
თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ოლიმპიადა AI-ის მიმართულებით ახალი ტალანტისა და ზოგადად, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობაა. ქვეყნის მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობა და შიდა საოლიმპიადო კურსის შექმნაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე პოზიციონირებისთვის.
კომენტარები