0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი

გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საერთაშორისო თემად იქცა. სატარიფო პოლიტიკის მრავალჯერადი ცვლილების პარალელურად, გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობის დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ჩვენც, როგორც სხვა ეკონომისტები მსოფლიოს მასშტაბით, მოსალოდნელი ეფექტების შეფასებას შევეცდებით. ტარიფების დაწესება, თავისთავად, გასაკვირი არავისთვის ყოფილა - 10-20%-იანი უნივერსალური ტარიფი და შედარებით მაღალი გადასახადი ცალკეული ქვეყნისთვის პრეზიდენტ ტრამპის ჯერ კიდევ წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა. მაშინ, რა შეიცვალა და რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები ლარი/ევრო/დოლარის არჩევანის სტრატეგიისა და საქართველოს ეკონომიკისთვის?

 

უპირველეს ყოვლისა, გვსურს დავუბრუნდეთ ჩვენს ნოემბრის პუბლიკაციას „აშშ-ის არჩევნები და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია“, სადაც სწორედ ამავე თემებზე გვქონდა საუბარი. შეგახსენებთ, რომ, არჩევნების შემდეგ, აშშ დოლარი მნიშვნელოვნად გამყარდა, რისი მიზეზიც აშშ-ში, ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, სავაჭრო ბალანსის პოტენციური გაუმჯობესებისა და საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების მოლოდინები იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში მოლოდინები, სავაჭრო ომის მზარდი საფრთხის შედეგად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შენელებისკენ შეიცვალა, რაც, ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლო ზრდასთან ერთად, ჩვენს პუბლიკაციაში ერთ-ერთ უმთავრეს რისკად იყო გამოყოფილი. შედეგად, აშშ-ში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნების ნაცვლად, ტარიფებისგან გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთის შემცირების ალბათობა გაიზარდა, რასაც აშშ დოლარის გაუფასურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ, ნოემბრის მსგავსად, აშშ დოლარის დინამიკა ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინების ცვლილებას ასახავს. შესაბამისად, პროგნოზის კუთხით მთავარი რისკი სწორედ ამ მოლოდინების მატერიალიზების ხარისხს უკავშირდება. აგრეთვე, ჩვენი პუბლიკაციიდან კვლავ გამოვყოფთ არგუმენტს, რომ, მართალია ტარიფები როგორც აშშ-ში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, სად შემცირდება ზრდა მეტად. როგორც აშშ დოლარის გაუფასურებიდან ირკვევა, ამჟამად ბაზარი აშშ-ზე უფრო ძლიერ დარტყმას ელის, ეს კი მომდევნო თვეებში, შესაძლოა, შეიცვალოს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, მოკლევადიან პერიოდში ევროს მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენი საბაზო სცენარი არ არის. საშუალოვადიან პერიოდში კი, რომელიც ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს, კვლავ ევროს გამყარებაა მოსალოდნელი, რადგან, ჩვენი შეფასებით, ევრო/დოლარი საშუალო-გრძელვადიან ტრენდთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტი რჩება, მათ შორის, უკვე შედარებით ნაკლებად, თუმცა საქართველოსთვის რისკიანობისა და ეკონომიკური კავშირების თავისებურებების გათვალისწინებითაც.

 

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის კუთხით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა და შესაბამისი საპასუხო ზომები, რადგან ამ ეტაპზე მდგომარეობა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება. გარდა ამისა, შოკის კომპლექსურობისა და მრავალწახნაგოვნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მასშტაბური მეორადი ეფექტები. მიუხედავად ამისა, გამოვყოფთ გავლენის ძირითად არხებს. 

 

საქართველო, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკა, საგარეო გარემოს ცვლილების მიმართ საკმაოდ მოწყვლადია. აშშ-ის ტარიფების გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის შეფასება კვლევების მიხედვით განსხვავდება, თუმცა არსებობს კონსენსუსი, რომ საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება ზრდის ფართო მასშტაბით შენელებას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ, იდიოსინკრატულ ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობაა. უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროებიდან, შედარებით მძიმე დარტყმის წინაშე, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ევროკავშირი, აშშ, ისრაელი და ჩინეთი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, სხვა პარტნიორები, მაგალითად მეზობელი თურქეთი და სომხეთი, ევროკავშირის ეკონომიკასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და, შესაბამისად, მეორადი ეფექტების მიმართ მოწყვლადი არიან. ამავდროულად, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები - რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საუდის არაბეთი - უცხოური ვალუტის შემოდინებებში ერთობლივად ევროკავშირზე მაღალ წილს აღწევენ. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასები, რეცესიის საფრთხის მატების ფონზე, მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია და, შესაბამისად, ნავთობის დაბალი ფასებით პირდაპირ სარგებლობს, ასეთ დროს ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით დაბალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ფაქტორები ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს. აგრეთვე, გამოვყოფთ, რომ ევროს გამყარება ისტორიულად საქართველოში უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ემთხვევა, თუმცა ამჯერად გასათვალისწინებელია მოთხოვნის შესუსტების ეფექტიც.

 

საერთო ჯამში, სხვადასხვა სცენარში მრავალგვარი განვითარებაა მოსალოდნელი,  თუმცა პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება საქართველოს ეკონომიკისთვის ცალსახად ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენი შეფასებით, თუკი უტარიფო სცენართან შედარებით 2025 წელს ჩინეთში ეკონომიკური ზრდა 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდება, აშშ-ში 1 პროცენტული პუნქტით და ევროკავშირში - 0.5 პროცენტული პუნქტით, საქართველოში ზრდა 0.4-0.5 პროცენტული პუნქტით დაიკლებს, ჩვენს საბაზო სცენართან შედარებით. დარჩენილ ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე მოსალოდნელი გავლენის გათვალისწინებით კი, ჯამური გავლენა 0.6-0.7 პროცენტულ პუნქტამდე გაიზრდება. 

 

მსგავსი საგარეო შოკები, რასაკვირველია, ლარის კურსზეც ახდენს გავლენას, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ლარზე მოქმედ წამყვან ფაქტორად შიდა კომპონენტი რჩება, მოკლევადიან პერიოდში მაინც, რის გამოც მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილება. თავისთავად, დოლარის დასუსტება ლარის გამყარების არგუმენტია, თუმცა მნიშვნელოვანია საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებზე ზეგავლენაც. სავალუტო შემოდინებების შესაძლო კლება, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ლარისთვისაც ნეგატიური განვითარებაა. ამასთან, თუ სამომავლოდ სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები ტარიფების საპასუხოდ გაუფასურდება, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (ქართული საქონლის რეალურ გამოსახულებაში გაძვირება) აგრეთვე ნეგატიური ფაქტორი იქნება, რადგან, ჩვენი შეფასებით, რეალური გაცვლითი კურსი წონასწორულ ნიშნულთან ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, ლარის გამყარების უარყოფითი ეფექტი კონკურენტუნარიანობაზე მაკრო დონეზე ნაკლებად იკვეთება, ეს დასკვნა, შესაძლოა, სხვადასხვა სექტორისთვის განსხვავებული იყოს. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების შევსების მიმდინარე დინამიკა.

 

რაც შეეხება ეფექტს ინფლაციაზე, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის დინამიკასთან. ზოგადად, ცალკე აღებული ტარიფები ინფლაციური უფრო შეერთებულ შტატებში იქნება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ამასთან, დაბალი ზრდა სუსტ ერთობლივ მოთხოვნას მოიაზრებს და დეზინფლაციურია, ამიტომ, შესაძლოა, სრულად გადაწონოს მიწოდების მხრიდან გაზრდილი ინფლაციური რისკები. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ აშშ დოლარი არ გამყარდება. უშუალოდ საქართველოს კუთხით, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ნავთობის ფასების გლობალური კლების ეფექტის სწრაფი გადაცემა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი შეფასებით, ბენზინის ფასის კლება ინფლაციას უკვე მომდევნო თვეში 0.1-0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს, ხოლო, თუ გლობალური ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდა, ინფლაციის შემცირების კუთხით კონტრიბუცია პოტენციურად 0.5 პროცენტულ პუნქტს მიაღწევს. 

 

დასასრულ, აშშ-სთან უშუალო ეკონომიკური კავშირების მხრივ, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი დიდწილად ფეროშენადნობებისგან შედგება, რომლებიც ტარიფებისგან განთავისუფლებულია. ამავდროულად, საქართველოს სავაჭრო ბალანსი აშშ-სთან ისტორიულად თითქმის ყოველთვის უარყოფითი იყო, ბოლო წლებში კი, ავტომობილების მზარდი იმპორტის ფონზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა. შედეგად, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთაც მინიმალური, 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. საერთო ჯამში, მეორადი ეფექტებისგან განსხვავებით, პირდაპირი ეფექტის მოსალოდნელი გავლენა უმნიშვნელოა.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006774-macro-update-georgia

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები